
საჭიროა სტრატეგიული ქმედება და დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციაზე მოსკოვთან, ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი გრანდ მედიატორის თანადგომით, ვისაც აქვს უნარი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, ესენია ჩინეთი და აშშ - ირაკლი ბათიაშვილი
პოლიტიკოსი, საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ბათიაშვილი გადაცემაში "დებატები" აცხადებს, რომ ომი არ ყოფილა უშუალოდ აფხაზებთან, საქმე რუსეთის პირდაპირ აგრესიას ეხებოდა. მისი თქმით, მოწინააღმდეგის საერთო ძალების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ აფხაზები.
როგორც ბათიაშვილი აცხადებს, ვინაიდან ტერიტორიები ოკუპირებულია, მხოლოდ აფხაზ მხარესთან დიალოგი შედეგს ვერ მოიტანს. მისი თქმით, საჭიროა მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკება დეოკუპაციაზე, რაც უნდა მოხდეს ორი გრანდი სახელმწიფოს - ჩინეთისა და აშშ-ის ჩართულობით.
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ იყო ომი აფხაზებთან. სოხუმის დაცემაზე რომ არის ლაპარაკი, მე და კობა კობალაძეს ყოველდღე გვიხდებოდა ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა და ჩვენ გვიტევდა უზარმაზარი ძალა. რუსეთის აგრესიასთან გვქონდა პირდაპირ საქმე და ის ძალა, რაც დაძრა რუსეთმა - ჩრდილოკავკასიელებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, კაზაკები, პროფესიონალი სამხედროები იყვნენ და რეგულარული ნაწილები მონაწილეობდა, სპეცნაწილები, სადესანტო ნაწილები. იგეგმებოდა პირდაპირ გენშტაბის დონეზე, კოლესნიკოვთან, კვაშნინთან ეს ოპერაციები - სოხუმის აღების, მით უმეტეს, ადგილზე ხელმძღვანელობდნენ სიგუტკინი, ჩინდაროვი... არ მინდა ჩამოვთვალო. 20%-ს თუ შეადგენდნენ აფხაზები იმ საერთო ძალის. ჩვენ ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ.
ამიტომ აქ რაზეა ლაპარაკი, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ილუზიაში არ უნდა ჩავვარდეთ და კიდევაც, რომ ჩვენ საოცარი გარღვევა გავაკეთოთ აფხაზებთან ურთიერთობის, დათმობის თვალსაზრისით, ყინულის გალღობის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, თუ არ წარიმართა მუშაობა, რაც გულისხმობს - ამას სჭირდება სტრატეგიული ქმედება და ძალიან დიდი სამუშაოს წარმართვა, რომ დაიწყოს მოლაპარაკება დეოკუპაციის საკითხზე, რა თქმა უნდა, მოსკოვთან. ოღონდ ეს უნდა დაიწყოს ორი, რომ იტყვიან, გრანდ მედიატორის მეოხებით და თანადგომით. ეს არის ორი გრანდ მედიატორი, ერთადერთი, ვისაც აქვს დღეს უნარი გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე - ეს არის ჩინეთი და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები.ჩვენ გვჭირდება აი ეს ორი მედიატორი ერთდროულად, რომ ეს მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდეს და ეს პროცესი წარიმართოს თანმიმდევრულად.
ამას, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სჭირდება ჯერ ჩვენი ურთიერთობების, სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მეორე, ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ახლა ყველა აკვირდებით, რა პროცესი წარიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ასეთი რამე არ ყოფილა, ძალიან სერიოზული ურთიერთობის დალაგების პროცესი მიდის. რა თქმა უნდა, ისინი დიდი კონკურენტები არიან, მაგრამ დალაგების პროცესი მიდის.
მეორე მხრივ, ჩვენთვის სულ უფრო და უფრო ხელსაყრელი სიტუაცია ხდება იმისთვის, რასაც მე ვლაპარაკობ, ის, რომ რუსეთს ამ ომის პროცესში უკრაინასთან საკმაოდ გაურთულდა ვითარება სამხრეთ კავკასიაში. მას აქვს საკმაოდ გართულებული ვითარება, პოზიციები მისი არის შესუსტებული, მას გაურთულდა ვითარება სომხეთთან, გაურთულდა ვითარება აზერბაიჯანთან, პრაქტიკულად, მას დასაყრდენიც აღარ რჩება არანაირი, აქვს ეს ოკუპირებული ორი ტერიტორია და ეს არის, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი სიტუაციაა. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს კატეგორიული პოზიცია, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ერთადერთი შეიძლება იყოს აი ამ საკითხიდან დაწყებული, რასაც ჰქვია დეოკუპაციის პრობლემა," - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge