თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.
გიგა ავალიანის დედა, გიორგი მალანიას დანაშაულში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს და მისთვის მაქსიმალური სასჯელის შეფარდებას ელოდება. ეკა კუპატაძის განცხადებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გიორგი მალანია ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა და მასთან თანამშრომლობას მკვლელობის დღესაც აგრძელებდა.
"ცნობილია ასეთი დეტალი საქმის მასალებიდან, რომ 28 სექტემბერს, 6-ის წუთებზე დაუკავშირდა ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას იმ მიზნით, რომ გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და უკვე 29-ში, საღამოს 8 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილს ჰქონდა ყველა ცოდნა, უმრავლესი მაინც, რაც სჭირდებოდა და ჩასაფრებაში იყო უკვე ჩვენს სახლთან.
აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია ალექსანდრე გაბაშვილს, რაც სჭირდებოდა დანაშაულის სრულყოფისთვის. გააგრძელა მასთან თანამშრომლობა და იცით, რომ მკვლელობის დღეს, მკვლელობამდე 40 წუთით ადრე, საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან ალექსანდრე გაბაშვილს.
მე მოლოდინი მაქვს მაქსიმალური სასჯელის", - აცხადებს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge