
არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება, დღევანდელ პროცესზე კითხვები "ლელოს" წარმომადგენლებს დაუსვეს.
დაისვა არაერთი კითხვა, მათ შორის, აღიარებენ თუ არა, რომ აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი, მიიჩნევენ თუ არა ძალადობის საქმეებზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად, როგორ განმარტავენ მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების დღეს გაკეთებულ მოწოდებებს, ემიჯნებიან თუ არა ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, რომელიც ტერორიზმით მუხლით არის მსჯავრდებული.
როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, ოპოზიციურმა პარტიამ სხდომაზე არაერთ კითხვას, მათ შორის აქციების ძალადობრივ ხასიათსა და ალეკო ელისაშვილის საქმეზე, არათანმიმდევრული პასუხები გასცა.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, "ლელოს" პოზიცია, რომ მიუხედავად ბრალდებისა, ელისაშვილი მაინც პოლიტპატიმრად რჩება, აჩვენებს, რომ პარტია სასამართლოს არ ენდობა და ქვეყნის სამართლებრივ სისტემას უპირისპირდება.
"ლელოს" წარმომადგენელი დღეს საუბრობდა, თითქოს არ გვითქვამს, რომ ჩვენთან რა შუაშია ალეკო ელისაშვილიო - ჯერ ერთი, ეს თქვეს და მერე მეორე, ეს პასუხი იმიტომ გააჟღერეს სხდომის დარბაზში, რომ ამაზე მივუთითეთ და ტყუილში ვამხილეთ.ჩვენ სხდომის მიმდინარეობისას არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თითოეულ ტყუილზე ადეკვატური პასუხი და სიმართლე ვთქვათ, როდესაც ჩვენ გარეთ ვაკეთებთ კომენტარს, ისმენენ ჩვენს კომენტარს, ეს ძალიან კარგია, მოისმინონ, სიმართლეს ჩახედონ თვალებში, შემდეგ უკვე ამის საპასუხოდ აკეთებენ სხვა განცხადებებსაც.
მოსამართლეს კითხვა ჰქონდა სიორიძესთან - რომ შეიცვალოს ალეკო ელისაშვილის მსჯავრი და გადაკვალიფიცირდეს ის სხვისი ნივთის დაზიანებად, ეს შეფასდება თუ არა ისევ პოლიტპატიმრად-ო და დიახ, პასუხი იყო, რომ ისევ პოლიტპატიმარია. "ლელოსთვის" იმას კი არ აქვს მნიშვნელობა რა მსჯავრი და რა ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და თანაზიარი არიან როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "ახალის" და გახარიას პარტიისა, სულ ამას ამბობენ, რომ "ჩვენ არ ვენდობით სასამართლო გადაწყვეტილებებს". რაც შეეხება გარეთ გაკეთებულ განცხადებებს, ისე მოიხსენიებენ მოსამართლეებს, სასამართლოს, საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, სასამართლოს ამაზე შესაძლოა ცალკე ჰქონდეს პოზიცია.მათი თითოეული ნათქვამი არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის და სამართლებრივი სახელმწიფოსი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge