
ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ აშშ „დაამცირა“ - „ამ ეტაპზე ვერ ვხედავ, გამოსავლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები“ - 1TV
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ირანის ხელმძღვანელობამ აშშ „დაამცირა“.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომში ის ვერ ხედავს, რომ შტატებს რამე სტრატეგია აქვს.
„ამერიკელებს აშკარად არ აქვთ სტრატეგია და ასეთი კონფლიქტების პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ არა მხოლოდ შესვლა, არამედ გასვლაც აუცილებელია. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულად ვნახეთ ავღანეთში 20 წლის განმავლობაში, ეს ვნახეთ ერაყში. ასე რომ, მთელი ეს საქმე, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელია. ამ ეტაპზე ვერ ვხვდები, რა სტრატეგიულ გამოსავალს ირჩევენ ამერიკელები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ირანელები აშკარად ძალიან ოსტატურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს – უფრო სწორად, ძალიან ოსტატურად არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამერიკელი ერი დამცირებულია ირანის ხელმძღვანელობის მიერ“, – განაცხადა მერცმა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მარსბერგში, სტუდენტებთან საუბრისას.
მერცის თქმით, ირანელები „ძალიან ოსტატურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს“ და „უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ვინმე იფიქრებდა“. მერცმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრისას გერმანიისა და საფრანგეთის მეგობრულ ურთიერთობაზეც ისაუბრა.
„ერთხელ ვოლფგანგ შოიბლემ, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო, მითხრა, „საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ჩემი მეგობარია, რაც არ უნდა ერქვას მას“. ეს ისეთი რამ არის, რაც ჩემს გულთან ახლოს მოვიდა. ნება მომეცით, დღეს ეს ჩემს თავზეც გამოვიყენო: საფრანგეთის პრეზიდენტი ჩემი მეგობარია, რაც არ უნდა ერქვას მას. ჩვენ გავაერთიანეთ ძალები ფრანგულ-გერმანულ მეგობრობაზე დაყრდნობით. ის, რაც მაშინ გაკეთდა ქვანახშირისა და ფოლადის მრეწველობის ინტეგრაციით, არ იყო ეკონომიკური პოლიტიკის პროექტი, არამედ პროექტი, სადაც ითქვა, რომ ძირითადი ინდუსტრიები თუ გაერთიანდება, მაშინ ამ ძირითად ინდუსტრიებზე დავები აღარ იქნება და ომიც არ წარმოიშობა. ეს არის ფრანგულ-გერმანული გამოცდილება და ამ მიზეზით, დღეს, კანცლერის რანგში მუშაობისას, ვმოქმედებ ჭეშმარიტად ღრმა შინაგანი რწმენით იმის საფუძველზე, რაც გააკეთეს კონრად ადენაუერმა და შარლ დე გოლმა, ჰელმუტ კოლმა და ფრანსუა მიტერანმა, რაც, მათ შორის, ბევრმა სხვამ გააკეთა და რასაც დღეს მე ვაკეთებ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.