
"ეძებო შენი პრობლემების წყარო ბრიუსელში, წარმოუდგენელი თავხედობა და უსინდისობაა" - ოპოზიცია ევროკავშირის ელჩის საგარეოში დაბარებაზე | TV პირველი
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროში მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრას ეხმაურებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული აქვს ძალაუფლება და "საბოლოო მიტაცების შემდგომ დაიწყო საბოტაჟი ევროპული ინტეგრაციის პროცესის".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩი უკვე დიდი ხანია რაც საქართველოში იმყოფება და იცის, რომ ქართველი ხალხისა და ივანიშვილის რეჟიმის სურვილი ერთი და იგივე არ არის.
ქართველ ერს სურს ევროპული ინტეგრაცია, ქართველი ხალხი ამისთვის ყველაფერს აკეთებს, თუმცა სამწუხაროდ, ივანიშვილმა მიიტაცა ძალაუფლება და ამ საბოლოო მიტაცების შემდგომ დაიწყო საბოტაჟი ევროპული ინტეგრაციის პროცესის. ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ევროკავშირის ელჩზე, თუმცა ელჩი უკვე კარგახანია იმყოფება საქართველოში და კარგად იცის, რომ ქართველი ხალხის სურვილი არის სხვა, ივანიშვილის რეჟიმის სურვილი არის სხვა. საბოლოო ჯამში უნდა გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა, ამიტომაც აქვთ დიფერენცირებული მათ ყოველთვის ერთი მხრივ ქართველი ერი და მეორე მხრივ ივანიშვილის რეჟიმი," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარტია "გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანას არ აქვს დამოუკიდებელი სასამართლო, ძალაუფლების დანაწილება და ა.შ., მაშინ ის ქვეყანა ევროპასთან თავსებადი ვერ იქნება და რადგან "ქართული ოცნება" საქართველოში ამ რეფორმებს არ ატარებს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც მასზეა.
ბანალური ჭეშმარიტება იყო ნათქვამი, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ მოგვეთხოვება რაღაც ნაბიჯების გადადგმა და ჩვენს გარეშე ევროკავშირი იარსებებს და ჩვენ კიდევ იქ გაწევრიანება გვჭირდება მინიმუმ გადარჩენისთვის, უსაფრთხოებისთვის, გამდიდრებისთვის და ა.შ.. ის, რომ ევროკავშირს არ უნდა ისეთი ქვეყნის მიღება, რომელიც არ შეესაბამება მათ მოთხოვნებს, ეს ვერ შეიძლება იყოს ევროკავშირის ნაკლი, ეს შეიძლება იყოს მარტო ჩვენი არჩევნის შედეგი. საბოლოო ჯამში, თუ არ გაქვს დამოუკიდებელი სასამართლო, არ გაქვს ძალაუფლების დანაწილება და ა.შ., ეს უბრალოდ არ იქნება თავსებადი ევროპასთან ასე, რომ ან ეს რეფორმები უნდა ჩაატარო და შეცვალო შენი ქვეყანა, ან უნდა შეეგუო, რომ ევროკავშირის წევრი ვერ გახდები. ამიტომ რადგან "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი გააკეთა, რომ ეს რეფორმები არ ჩაეტარებინა, გასაგებია, რომ პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში მაინც ხელისუფლებაზეა," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.