
ცნობილი ხდება, რა ფასად გაყიდა "ლიბერთი ბანკი" ირაკლი რუხაძემ | TV პირველი
"ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ანუ 95.99%-ის აქციები 674.1 მილიონ ლარად [250 მილიონ დოლარად] გაიყიდა - ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ხდება ცნობილი.
საუბარია 4.27 მილიარდ ერთეულ აქციაზე, რომელიც ბირჟის თანახმად, 15 აპრილს გასხვისდა და ერთი აქციის ღირებულებამ გარიგებისას 15.78 თეთრი შეადგინა.
თუმცა BMG წერს, რომ გარიგება ასევე მოიცავდა „ლიბერთი ბანკის“ დივიდენდს - დამატებით 158 მილიონ ლარს, ანუ ჯამში - 330 მილიონ აშშ დოლარს.
საუბარია 2025 წლის ბანკის მოგებასა და 2026 წლის პირველი კვარტალის ბანკის მოგებიდან დივიდენდის მიღებაზე.
ბანკის ნასყიდობის ხელშეკრულება 16 აპრილს გაფორმდა და მაშინ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ გარიგების სრული მოცულობა კონფიდენციალური იყო.
ამასთან, BMG-ის ინფორმაციით, გარიგება მოიცავდა სხვა ოპერაციებსაც, რომლებიც მომავალში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, სავარაუდოდ გარიგება მომავალში განსახორციელებელი ოპერაციების გათვალისწინებით, 350-400 მილიონ დოლარსაც შეიძლება აღწევდეს.
ბანკი 15 აპრილს გაიყიდა. „ბაზისბანკის“ მიერ 16 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ცაავა ამბობდა, რომ ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას.
"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული ბანკის პარამეტრები აქტივების ზომით იქნება 11.18 მილიარდი ლარი, რაც საბანკო სისტემის 10.53%-ია.