
ლაშა ბერიძის ადვოკატის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე | TV პირველი
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პოლკოვნიკის, ლაშა ბერიძის ადვოკატმა სასამართლოზე დასკვნითი სიტყვა თქვა- რამაზ ჩინჩალაძის თქმით, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა განზრახვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის.
უფლებადამცველმა ხაზგასმით განმარტა, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას.
მისივე განცხადებით, ბრალდებული არ მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში ან ძალადობის კოორდინირებაში;
კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი - თქვა უფლებადამცველმა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალდებული ლაშა ბერიძის მიერ ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მის ხელმძღვანელობას; არ ადასტურებს მის მონაწილეობას ჯგუფის კოორდინირებულ მოქმედებაში; არ ადასტურებს საერთო დანაშაულებრივ განზრახვას. ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის. განზრახვა არ შეიძლება ვარაუდით ან ზოგადი გარემოებებით დადგინდეს — ის უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული დადამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ბრალდების მხარე ცდილობს პირის ბრალეულობის „შექმნას“ მხოლოდ მისი ადგილზე ყოფნისა და მოვლენებთან ზოგადი კავშირის საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივ სტანდარტებთან და შესაბამისი მუხლების კომენტარებთან. ბრალდებულის პასუხისმგებლობის დასადგენად აუცილებელია არა უბრალოდ ადგილზე ყოფნა, არამედ აქტიური, მიზანმიმართული დადანაშაულებრივი განზრახვა. სწორედ ეს ელემენტი სრულად აკლია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არ იძლევა სანდო დასკვნის საფუძველს ბრალდებულის ჩართულობის შესახებ. ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეესაბამება დანაშაულის შემადგენლობას; ბრალდებული არ მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში ან ძალადობის კოორდინირებაში; გონივრული ეჭვი არა მხოლოდ არ არსებობს, არამედ მკაფიოდ დადასტურებულ ფაქტებთან წინააღმდეგობაშია; კანონმდებლობა და სამართლებრივი სტანდარტები მოითხოვს, რომ ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი იქნას გამამართლებელი განაჩენი", - თქვა რამაზ ჩინჩალაძემ.