"საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა" - ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატი | TV პირველი
"საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა" - ამ სიტყვებით სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა, ნათია მეზვრიშვილმა სასამართლოს მიმართა.
მისი თქმით, საქმეში არ მტკიცდება ძალადობისკენ მოწოდება, უკანონო ქმედებისკენ წახალისება, კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს დანაშაულად, ასევე არ მტკიცდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ნათია მეზვრიშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მიმართა და უტხრა, რომ მასზეა დამოკიდებული "დარჩება თუ არა ეს საქმე მაგალითად იმისა, რომ სასამართლომ სამართალი დააყენა ყველაფერზე მაღლა".
მოცემულ საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა. ბრალდება აგებულია იმაზე, რომ ჩვეულებრივი, საჯარო და კონსტიტუციით დაცული განცხადებები შეფასდეს როგორც დანაშაულებრივი ქმედება, მაშინ, როდესაც მათში არ იკვეთება არც ერთი ის ელემენტი, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად. საქმეში არ დგინდება: არც ძალადობისკენ მოწოდება; არც რაიმე უკანონო ქმედებისკენ წახალისება; არც კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს დანაშაულად; არც შედეგი და არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე ცდილობს, ამავე მასალებს მიანიჭოს სისხლისსამართლებრივი შინაარსი მხოლოდ მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე. ბატონო მოსამართლე, თქვენს წინაშე დღეს დგას არჩევანი: დამოუკიდებლობასა და გავლენას შორის, თავისუფალ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებასა და წინასწარ განსაზღვრულ შედეგს შორის. განაჩენი ერთი დღის არ არის - ის დარჩება და ყველას ემახსოვრება. დღეს თქვენზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ეს საქმე მაგალითად იმისა, რომ სასამართლომ სამართალი დააყენა ყველაფერზე მაღლა და მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.