
საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხი პატიმრების მშობლებს | TV პირველი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრების მშობლებს პასუხობს, რომლებიც ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველი არხი თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების. დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება იკრძალება.
თქვენი 2026 წლის 9 ივლისის განცხადების (სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელში" რეგ. N07/422) პასუხად გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სისტემატურად აშუქებს სასამართლო პროცესებს საზოგადოების მაღალი ინტერესის შესაბამისად და მაყურებელს აწვდის სრულ ინფორმაციას. ასევე გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მე-18 მუხლი), რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილი. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა, მათ შორის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მითითების. დავალების მიცემა, შეთანხმების დავალება ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ამბების და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად თავისი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამაუწყებლო ბადის და შინაარსის თაობაზე. ამასთანავე, საქართველოს პირველი არხი თავის გადაცემებში უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას და გაშუქებული საკითხების ირგვლივ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის წარმოდგენას," - წერია განცხადებაში.
პატიმრების მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ

ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge