
აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყეს | TV პირველი
როსტოვის ოლქზე დრონებით მასირებული თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტაგანროგსა და აზოვში რამდენიმე ობიექტი დაზიანდა, ნავთობპროდუქტების შესანახ ობიექტებსა და საზღვაო პორტის ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა, რომ ტაგანროგისა და აზოვის მიმართულებით დაახლოებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მისივე თქმით, აზოვში დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობპროდუქტების შესანახ ორ ობიექტზე გაჩნდა ხანძარი, ტაგანროგში კი საზღვაო პორტის ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას განცხადებით, ქალაქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება და საგანგებო სიტუაციის ზონაში მოხვედრილი საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.
Telegram-არხები წერენ, რომ ტაგანროგში შესაძლოა დაზიანებული იყოს ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საპორტო ტერმინალი „კურგანნეფტეპროდუქტი“, ხოლო აზოვში — ნავთობბაზა, ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა ან შპს „დონტერმინალის“ ობიექტი. ამ ცნობებს ოფიციალური უწყებები დეტალურად არ ადასტურებენ.
ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობა კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებაც წერს. აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გავრცელებულა.