
ვინ აქცია საქართველო კრიპტო ვალუტის რუხზონად? - გერმანელი ჟურნალისტები ივანიშვილის სავარაუდო ბიზნეს ინტერესებზე საუბრობენ
როგორ იქცა საქართველო კრიპტო ვალუტის რუხ ზონად - გერმანული დოკუმენტური ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვა, ვინ დგას გლდანის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიღმა და ხომ არ არის ეს ბიძინა ივანიშვილი.
“პირველებმა“ მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ეკუთვნის კომპანია “ბიტფურის“. ეს არის 2025 წლის მარტის აუდიტის დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს გიორგი კიკვაძე. კიკვაძე საერთაშორისო კომპანიის გენერალური დირექტორია და აღნიშნული კომპანიაა სწორედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დამფუძნებელი. კიკვაძე ამავდროულად იკავებს ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრის თანამდებობას.
გერმანულ ფილმში არის ვარაუდი, რომ სწორედ ამ ინდუსტრიული ზონის და კრიპტომაინინგის მიღმა დგას ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლების ირიბი დახმარებით, რუსეთი იყენებს რუხ ზონად, რათა თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს.
აქ ეს ზონა ასევე არის მოხსენიებული, როგორც სავარაუდო მხარდამჭერი რუსეთის ამ სისხლიანი რეჟიმისა, ეს ლეგალური სისტემაა, განსხვავებით ამ კრიპტო გადარიცხვებისა. საქართველოში 30-მდე კრიპტო საწარმო მუშაობს, სვანეთი კიდევ ცალკე თემაა. არავინ იცის ვინ არიან მათი მესაკუთრეები. 700 მილიონ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს მთლიანად ეს კრიპტო ინდუსტრია საქართველოში. ანგრევს ენერგეტიკას. ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია ამ ბიზნესის არსებობა, საკმარისია ერთი კომპონენტი, ან გადასახადები მოაკლო შეღავათიანი და ან შეღავათიანი ელექტროენერგია და ერთ დღეში გაჩერდება ყველა. ძარცვავს ფაქტობრივად ენერგოსისტემას და ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გაჩნდა. ამ ოთხი კრიპტო კომპანიის გარდა, რომელიც რუსეთს ეხმარებოდა და ასეულობით მილიონი ირიცხებოდა ამ სისხლიანი რეჟიმის მხარდასაჭერად. მხოლოდ ოთხია საქართველოში? - იქნებ კიდევ უფრო მეტია და რატომ მაინც და მაინც საქართველო, რაღა ამ საქართველოში და გლდანში მოიყარა თავი და ქუთაისში, რაღა მაინც და მაინც აქ იპოვეს ლიანდაგი, სადაც აღმოცენდნენ და ყვავიან," - ამბობს რომან გოცირიძე.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სწორედ კრიპტომაინინგის კვალს ხედავს რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში მასობრივად გამორთული ელექტროენერგიის მიღმა.
კრიპტო მაინინგი კვალს ტოვებს და მას ვერ გააქრობს "ქართული ოცნება",- ამბობს ხიდაშელი.
საქართველო კრიპტო მაინინგის სამოთხედ იქცა და შეუძლებელია ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო რუსი ოლიგარქებისთვის, სანქციების პირობებში, სამოთხეების ძებნის პროცესში, ეს სრულიად ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური მივიღეთ ჩვენ ამ ჩაბნელებული საქართველოთი, სადაც ასევე მნიშვნელოვან წილად სწორედ ამ კრიპტო მაინინგის შედეგების კვალი შეგვიძლია რომ დავინახოთ. კრიპტო მაინინგი კვალს ტოვებს და ის ვერ გაქრება, მას ვერ გააქრობს "ქართული ოცნება" იმ შემთხვევაშიც კი თუ მიხვდა, რომ ძალაუფლებას კარგავს და ეს არის ერთ-ერთი ყევლაზე უფრო სერიოზული დანაშაული, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. ეს არის დანაშაული არა მარტო სანქციების ნაწილში, არამედ პირდაპირ და ღიად რომ ვთქვათ, მათშორის იმაში, რომ მუდმივად უძვირდებათ რიგით მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადი, იმაში, რომ მუდმივი პრობლემა აქვს საქართველოს ელექტროსისტემას," - აცხადებს თინა ხიდაშელი.
როგორ იქცა საქართველო კრიპტო სამოთხედ? - ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება გერმანულმა პირველმა არხმა ჩაატარა. 45-წუთიან ფილმში საქართველო ფიგურირებს, როგორც კრიპტო მაინინგის მნიშვნელოვანი ჰაბი და ტრანზიტული ზონა, რომელსაც რუსეთი სავარაუდოდ დასავლური სანქციებისგან გვერდის ავლისთვის იყენებს, ბიტკოინისა და რუსული ჩრდილოვანი კრიპტო სისტემის მასშტაბური გამოყენებით. ჟურნალისტები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ რუსულ გაზს პუტინი ევროპაში ვეღარ ყიდის, ამიტომ მათი შეფასებით, სანქცირებული გაზით იგი აწარმოებს იაფ ელექტროენერგიას და გიგანტურ ბითკოინ ფერმებს ამუშავებს. ამ კონტექსტში ახსენებენ საქართველოსაც. საუბარია ფოთისა და რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებზე. ჟურნალისტურ გამოძიებაში გამახვილებულია ყურადღება იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქართველო კრიპტო ინდუსტრიისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელ საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოდ, რაც მჭიდროდ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, რამაც საქართველო საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტო ვალუტის რუხ ზონად აქცია.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge