მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - “მითების დეტექტორი"
ტვ პირველი|tvpirveli.ge
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება, - ამ სათაურით ავრცელებს კვლევას “მითების დეტექტორი“.
გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილზე ნანუკა ჟორჟოლიანის სახელით გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. “ფორმულას” არ გამოუქვეყნებია საინფორმაციო ბარათი მსგავსი ციტატით და ტელეწამყვანის ამ განცხადებას არც სხვა მედიები ავრცელებენ.
31 ივლისს და 1 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებლებმა რამაზ მარგველაშვილმა, ანი ფეიქრიშვილმა და ასევე სხვა მომხმარებლებმა (1,2) გაავრცელეს ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ციტატა. ციტატა დატანილია “ფორმულას” ლოგოს მქონე საინფორმაციო ბარათზე. მასზე მითითებულია: “ნანულა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე: “საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, მიხეილ სააკაშვილს პუტინის დავალებით რაღაც პრეპარატი გაუკეთეს და იმიტომ გამოსირდა.” იმავე ქარდზე გამოსახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციტატა: “უკვე მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ”. თავდაპირველად, საინფორმაციო ბარათის მოძებნას შევეცადეთ “ფორმულას” ფეისბუქ-გვერდზე, თუმცა მედიის სოციალურ ქსელებში მსგავსი ციტატა არ იძებნება. დამატებით, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” “ფორმულას” დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული საინფორმაციო ბარათის მომზადება და გავრცელება უარყვეს და აღნიშნეს, რომ გავრცელებული საინფორმაციო ბარათის ფონტი და დიზაინის ელემენტები მედიასაშუალების სტანდარტს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ გაყალბებულ საინფორმაციო ქარდზე ციტატის ავტორად, ნანუკა ჟორჟოლიანის ნაცვლად, მითითებულია ნანულა ჟორჟოლიანი, რაც შესაძლოა, ტელეწამყვანის დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად. ნანუკა ჟორჟოლიანის იმავე ფოტოს გამოყენებით საინფორმაციო ბარათი “ფორმულამ” 22 ივლისს გამოაქვეყნა, თუმცა მასზე ტელეწამყვანის სხვა შინაარსის ციტატაა გამოსახული. ის ტელეწამყვან ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება: “ეს უკვე საგანგაშო ამბავია! სოლიდარობა ძალიან საამაყო კოლეგას! სწორ მოქალაქეს და კარგ ადამიანს!” ამავე ბარათზე დატანილია ვახო სანაიას ფოტო და ტექსტი: “ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა”. მიხეილ სააკაშვილის შესახებ აღნიშნული ციტატა არც ტელეწამყვანის სოციალურ ქსელებში, არც მედიასაშუალებებში ან სხვა ღია წყაროებში იძებნება. რაც შეეხება იმავე ქარდზე გამოსახულ მიხეილ სააკაშვილის ციტატას, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება 29 ივლისს სასამართლო სხდომაზე გააკეთა, თუმცა “ფორმულას” სოციალურ ქსელებში აღნიშნული საინფორმაციო ბარათის სახით მიხეილ სააკაშვილის ციტატა არ იძებნება. ის, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძის ფოტოს გამოყენებით შექმნილი ფოტომანიპულაციაა, - წერს გამოცემა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge