
"ზარდიაშვილი კი არა, აგერ ღარიბაშვილი ჩასვა ციხეში ივანიშვილმა და ვის დაინდობს" - ეკა ბესელია
"ზარდიაშვილი იყო კლანის ძირითადი დამხმარე პარლამენტში და ის ასრულებდა მათ დავალებებს" - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვანო ზარდიაშვილი სასამართლოში ჩამოყალიბებული გავლენიანი ჯგუფის იდეების და სურვილების გამხმოვანებელი იყო და "არც მალავდა ამას".
ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ვანო ზარდიაშვილი საუბრებში ამბობდა, რომ მამუკა მდინარაძე "მისი შექმნილი იყო".
ზარდიაშვილი ჩემი მოადგილე იყო, იურიდიულ კომიტეტში, როდესაც თავმჯდომარე ვიყავი, მაგრამ რეალურად ის იყო კლანის ძირითადი დამხმარე პარლამენტში და ის ასრულებდა მათ დავალებებს და როგორც კი ეს გახდა ჩემთვის ცნობილი, იქიდან დაიწყო ჩემი ძალიან მწვავე დაპირისპირება მასთან, ავუკრძალე საერთოდ კომუნიკაცია და სხვათა შორის, არ დამიმალავს არც მაშინ, როდესაც ვთქვი, რომ ივანიშვილს მე ვუთხარი, რომ ეს ადამიანი ამ პროცესებიდან ჩამოეშორებინა იმიტომ, რომ დავინახე სასამართლოში ჩამოყალიბებულ ამ გავლენიან ჯგუფს, რომელიც ხელს უშლიდა რეფორმის ჩატარებას, თავად ზარდიაშვილი არც მალავდა ამას, რომ ის იყო მათი იდეების, თუ სურვილების გამხმოვანებელი, მაგრამ ის არ იყო მარტო, ის მაშინ მოქმედებდა მდინარაძესთან და კობახიძესთან ერთად. თვითონ ზარდიაშვილი ამბობდა ამას საუბრებში, რომ მდინარაძე იყო მისი შექმნილი..." - განაცხადა ეკა ბესელიამ.
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ "ზარდიაშვილი კი არა, აგერ ღარიბაშვილი ჩასვა ციხეში ივანიშვილმა და ვის დაინდობს ამის მერე, ღარიობაშვილზე უფრო ახლობელი არცერთი არ ყოფილა".
ცნობისთვის, „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ხელმძღვანელის ელექტროსისტემაში გადაყვანის ამბავი ელექტროსისტემის პრესსამსახურში "პირველებს" ოფიციალურად დღის პირველ ნახევარში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ დავით ვარდიაშვილი დირექტორის მოადგილედ იყო დანიშნული.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ვარდიაშვილი მალე ზარდიაშვილის ფუნქციებს სრულიად გადაიბარებს.
ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი "პირველებს" უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge