
„საქართველოსთვის“ შეკრება-მანიფესტაციების შესახებ გამკაცრებული ნორმების გაუქმებას ითხოვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 14 სექტემბერს, ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე მოქმედი წესების აღდგენას ითვალისწინებს.
ფრაქციის შეფასებით, დღეს მოქმედი ნორმები არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციურ უფლებას და სამართალდამცავ უწყებებს ზედმეტად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს.
კანონპროექტის მიხედვით, შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციები შსს-დან კვლავ მერიას გადაეცემა. ტროტუარზე შეკრებისას წინასწარი გაფრთხილება საჭირო აღარ იქნება, თუ აქცია ტრანსპორტის მოძრაობას არ აფერხებს.
ასევე უქმდება შსს-ს უფლება, სავალდებულოდ განსაზღვროს აქციის ალტერნატიული ადგილი, დრო ან მსვლელობის მარშრუტი - უწყებას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეეძლება.
ინიციატივა აუქმებს შეკრებაზე სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობის ზოგად აკრძალვასაც. პროექტის ავტორების განმარტებით, პასუხისმგებლობა უნდა დადგეს კონკრეტული უკანონო ქმედებისთვის და არა თავად ნივთის ქონისთვის.
ამასთან, აქციის მონაწილეებს პროტესტის ფორმის თავად განსაზღვრა შეეძლებათ, კრიტიკული დაწესებულებების გარშემო 20-მეტრიანი ზონის დაცვის პირობით.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge