მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა
ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - TI-ის კვლევა

ტვ პირველი14 სექტემბერი, 2026, 10:56|tvpirveli.ge

ვის ხელშია თბილისის გაზი, შუქი, ტრანსპორტი და მილიონზე მეტი აბონენტის მონაცემები? - ამ სათაურით აქვეუნებს კვლევას "საერთაშორისო გავჭვირვალობა საქართველო".

TI ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერიაზე საუბრობს და ამ უკანასკბელის მონოპოლიებზე, რუსულ კავშირებზე, ოფშორებსა და პოლიტიკურ გავლენებზე წერს.

TVPIRVELI.GE კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"მსხვილი ბიზნესისა და პოლიტიკური ძალაუფლების ზღვარის წაშლა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ, სისტემურ ნიშნად იქცა. სტრატეგიულ სექტორებში ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესების გადაკვეთა პირდაპირ აისახება დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხზე.

ამ რეალობის თვალსაჩინო ილუსტრაციაა ფოთის სტრატეგიული სიმდიდრეების შესახებ მომზადებული ჩვენი კვლევა, სადაც ერთ-ერთ ფიგურანტად გამოიკვეთა ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. „Forbes Georgia“-ს მონაცემებით, მაქაცარია ქვეყნის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მე-9 ადგილს იკავებს (1,132,070,000 ლარი), მისი ჰოლდინგი „სი ბი ეს ჯგუფი“ (CBS Group) თბილისში აკონტროლებს გაზის და ელექტროენერგიის მიწოდების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროებს, პარალელურად კი ფლობს მსხვილ აქტივებს ტელეკომუნიკაციის, საზღვაო-ლოგისტიკურ თუ სხვა სფეროებში.

საინტერესოა მაქაცარიას პოლიტიკური პოზიციონირებაც, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2024 წლის აპრილში, როდესაც მან, სხვა მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას და ღიად დაუჭირა მხარი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, რეპრესიულ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

წინამდებარე კვლევაში იდენტიფიცირებულია 45-მდე კომპანია, რომლებსაც ხვიჩა მაქაცარია ფლობს ან მართავს უშუალოდ, მისი მეუღლის, მარია კოხიას, ჰოლდინგ “სი ბი ეს ჯგუფის” ან სხვა ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით. კვლევის მთავარი მიზანია ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესქსელის კომპლექსური ანალიზი და იმ მექანიზმების აღწერა, რომლის მეშვეობითაც ჯგუფი ახდენს კაპიტალისა და გავლენების კონსოლიდაციას.

1. ძირითადი მიგნებები

სტრატეგიული სექტორების მონოპოლიზაცია დედაქალაქში: ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგი „სი ბი ეს ჯგუფი“ (CBS Group) თბილისში, ფაქტობრივად მონოპოლიურად, აკონტროლებს მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ძირითად სერვისს: გაზმომარაგებას („თბილისი ენერჯი“), ელექტროენერგიას („თელასი“, „თელმიკო“) და საქალაქო სამარშრუტო ქსელს („თბილისის მიკროავტობუსი“). მჭიდრო კავშირი რუსულ კაპიტალთან: „სი ბი ეს ჯგუფის“ აქტივებში მკვეთრად გამოკვეთილია მჭიდრო კავშირი რუსულ სახელმწიფო კაპიტალთან, სანქცირებულ ბიზნესჯგუფებსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან. დედაქალაქის სტრატეგიულ ენერგოსექტორში - სს „თელასსა“ და შპს „თელმიკოში“ ხვიჩა მაქაცარიას ჯგუფი პირდაპირ პარტნიორობს რუსულ სახელმწიფო გიგანტ „ინტერ რაოსთან“ (Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით), სადაც გენერალური დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეების საკვანძო პოსტებს ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეები (სერგეი კობცევი, ანატოლი მარკოვი, დმიტრი ვოლკოვი, ანტონ ბელიაევი და სხვები) იკავებენ; მაქაცარიას ჯგუფის ხელში კრიტიკული ციფრული ინფრასტრუქტურის გადასვლაც პირდაპირ უკავშირდება რუსული კაპიტალის სანქცირების პროცესს: მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“ (ყოფილი „ბილაინი“) მაქაცარიამ 2022 წელს შეიძინა საერთაშორისო ჰოლდინგ VEON-ისგან, რომლის უმსხვილესი აქციონერი რუსი სანქცირებული ოლიგარქის, მიხეილ ფრიდმანის ჯგუფი (LetterOne) იყო; რუსეთის ფედერაციისა თუ საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან ჰოლდინგის სხვადასხვა კომპანიის მფლობელებიც და მენეჯერებიც. მათ შორის არიან ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე მარია კოხია, კობა ღურწკაია (ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი), თენგიზ ალფენიძე (საქალაქო ტრანსპორტის ოპერატორი შპს „თბილ ქარის“ 100%-იანი წილის მფლობელი), იულია დედოვა (ენერგეტიკული კომპანია შპს „ჰაიდრო ინვესტის“ მეწილე), ილონა მეტრეველი (შპს „თბილისი მოლის“ მეწილე). ოფშორული ზონები და გაუმჭვირვალე მფლობელობა: ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანიის მესაკუთრედ გვხვდება ოფშორულ ზონებში (მარშალის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები) რეგისტრირებული სუბიექტები; დედაქალაქის გაზმომარაგებაში („თბილისი ენერჯი“) ფიგურირებს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Weco Investment and Finance S.A. და HARRIMAN Holdings; ოფშორული კომპანიების წილობრივი მონაწილეობა ჩანს სხვა სექტორებშიც (მაგალითად, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ წილებს „სელფი მობაილსა“ და შპს „თბილისი მოლში“); გაუმჭვირვალობის პრობლემა: საზოგადოებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია რეალური საბოლოო ბენეფიციარების სრულად იდენტიფიცირება. პოლიტიკური დაფინანსება, სახელმწიფო შესყიდვები და გავლენა: „სი ბი ეს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა პირებმა, ჯამში, 1,568,600 ლარის ოდენობის პოლიტიკური შეწირულება გაიღეს, რომლის ძირითადი ნაწილიც (1,467,500 ლარი) უშუალოდ „ქართულ ოცნებაზე“ და ამ პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატზე მოდის; ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ (შპს “ჯორჯიან სერვის ნეთვორქი” და შპს “სპოთ პონთ”) სახელმწიფო შესყიდვებიდან თითქმის 1.5 მილიონი ლარი (1,485,733 ლარი) მიიღო. 2024 წლის აპრილში მაქაცარიამ ღიად დაუჭირა მხარი კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კონტროლი ციფრულ, ექსკლუზიურ და საზღვაო აქტივებზე: ხვიჩა მაქაცარიას ჰოლდინგი ფლობს კრიტიკულ ციფრულ ინფრასტრუქტურას მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“ (ყოფილი „ბილაინი“) სახით; ჯგუფი 10-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე ექსკლუზიურად ოპერირებს ლატარიის ბაზარზე („საქართველოს ეროვნული ლატარია“ / Lotto.ge); გააჩნია სტრატეგიული ინტერესები შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რაც მოიცავს თევზჭერის ექსკლუზიურ ლიცენზიას („გეოფიშ კომპანი“) და სუფსის პორტის პროექტსა და მიმდებარე მიწებს.

2. მთავარი მოთამაშეები

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესსაქმიანობა ეფუძნება ნდობით აღჭურვილი პირებისა და გავლენიანი ფიგურებისგან შემდგარ ქსელს, რომლის მთავარი რგოლია “სი ბი ეს ჯგუფი” (CBS Group). იურიდიული ფორმით ეს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და იგი 2013 წლიდან არსებობს. მისი აღმასრულებელი დირექტორია, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე კობა ღურწკაია, 100% წილის მფლობელი კი - მარია კოხია, ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე. მის უახლოეს გარემოცვაში, რომლებიც საკვანძო მენეჯერულ და წილობრივ პოზიციებს ინაწილებენ, განსაკუთრებით გამოირჩევიან:

მარია კოხია – ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე, რომელიც ჰოლდინგის არაერთი მნიშვნელოვანი კომპანიის სრულუფლებიანი მფლობელი და ხელმძღვანელია; კობა ღურწკაია – მაქაცარიას ბიზნესჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მმართველი ფიგურა. იგი პარალელურად არის „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორი და ამავე პარტიიდან პარლამენტის წევრის, ედიშერ თოლორაიას ცოლისძმა; ნიკოლოზ ჭიაურელი - CBS Group-ის გენერალური დირექტორის მოადგილე სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. სხვადასხვა დროს იყო შპს „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი, 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა დედაქალაქის გაზმომარაგების კომპანიას - შპს „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“) და მართავდა მის რებრენდინგს, ამჟამად კი არის შპს „პეისის“ დირექტორი (რომლის 51%-ს მაქაცარიას კუთვნილი მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“ ფლობს) და პარალელურად ფლობს წილებს ტექნოლოგიურ და საკონსულტაციო კომპანიებში (Billink, Moveo, Accelero); თამარ გახარია – მთავარი ფინანსური მენეჯერი, რომელიც ჯგუფის წამყვან კომპანიებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და გენერალური დირექტორის პოზიციებს იკავებს; შალვა წაქაძე – იგი მაქაცარიასთან და კოხიასთან დაკავშირებული რამდენიმე მსხვილი კომპანიის დირექტორია; თეიმურაზ არონია – ხვიჩა მაქაცარიას გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორი, რომელიც ფლობს მსხვილ წილებს ჰოლდინგის ისეთ საკვანძო აქტივებში, როგორიცაა შპს „კაპიტალ გრუპი“ (100%) და შპს „დიდუბე მოლი“; ნათელა (ნათია) მიქიაშვილი - კომუნიკაციების ხელმძღვანელი, იგი ყოფილი ჟურნალისტია და ამჟამად “ სი ბი ეს ჯგუფის” შიდა და გარე კომუნიკაციების მართვაზეა პასუხისმგებელი.

მჭიდრო კავშირები ბიზნესსა და პოლიტიკურ ელიტას შორის ნათლად აჩვენებს იმ კაპიტალისა და გავლენის კონცენტრაციას, რომელსაც ეს ჯგუფი ქართულ ბაზარზე ფლობს.

3. სტრატეგიული სექტორების მონოპოლიზაცია

ა) დედაქალაქის სერვისები: ხვიჩა მაქაცარია აკონტროლებს თბილისის იმ სერვისების საქმიანობას, რომელიც პირდაპირ ეხება დედაქალაქის თითოეული მცხოვრების ყოველდღიურ ყოფას.

შპს “თბილისი ენერჯი” - გაზის მიწოდების მონოპოლია თბილისში

შპს “თბილისი ენერჯი” საქართველოში გაზის მსხვილი გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც ამ საქმიანობას თბილისის ტერიტორიაზე მონოპოლიურად ეწევა. გაზის დისტრიბუციის ლიცენზია ამ კომპანიას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მისცა. კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძეა, ხოლო მის 100%-იან წილს მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“ (Waltbay) ფლობს.

ანგარიშგების პორტალზე 2026 წელს გამოქვეყნდა 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, რომლის თანახმად, თავად „ვოლთბეის“ წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

25% – ფლობს საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარია; 25% – ეკუთვნის შპს „გაზტრანზიტს“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მამუკა ტოგონიძეა; დარჩენილი 50% – ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Weco Investment and Finance S.A.

ამავე ანგარიშგების მიხედვით, Weco Investment and Finance S.A.-ის 100%-იანი წილის მფლობელია შპს HARRIMAN Holdings, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული, ხოლო ამ ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე, ნასიბ ჰასანოვია.

2024 წლის 30 დეკემბერს შპს „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა შპს „ვარკეთილაირის“ 100%-იანი წილი, რომელსაც 2025 წელს რეგისტრაცია გაუუქმდა.

“თელასი”, “თელმიკო” და ხვიჩა მაქაცარიას მონიპოლისტური ინტერესები თბილისის ელექტრომომარაგების სფეროში

სს” თელასი”

ხვიჩა მაქაცარიას ინტერესები მონოპოლისტურად არის წარმოდგენილი თბილისის ელექტროენერგიით მომარაგების სფეროში, სადაც იგი რამდენიმე კომპანიის მეშვეობით ოპერირებს. მაქაცარია ამ სექტორში 2020 წელს შევიდა: მის თანასაკუთრებაში არსებულმა კომპანიამ “ბესტ ენერჯი გრუპმა” 2020 წლის სექტემბერში გამართულ აუქციონზე 32,380,383 ლარად შეიძინა სააქციო საზოგადოება “თელასის” სააქციო კაპიტალის 24.5% წილი. ხვიჩა მაქაცარია შპს “ბესტ ენერჯი გრუპის” 50% წილის მფლობელია, ასევე 50% წილი კი შპს “გაზტრანზიტის” საკუთრებაა, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი მიხეილ ყიფიანია.

ანგარიშგების პორტალზე 2025 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სს “თელასის” სააქციო კაპიტალის ზოგადი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:

“Silk Road Holdings B.V” დამფუძნებელია რუსული ენერგოკომპანია “ინტერ რაო”. შესაბამისად, სს “თელასის” მმართველობით სტრუქტურაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან წარმოდგენილი: გენერალური დირექტორი სერგეი კობცევია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: დმიტრი ვოლკოვი (თავმჯდომარე), ალეკსანდრ აბრამკოვი და ანნა კონევა. საქართველოს მოქალაქეებიდან საბჭოში შედიან - ბესიკ ციმაკურიძე და კობა ღურწკაია, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე.

დღეის მდგომარეობით სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებასა და გაყიდვას ახორციელებს. „თელასი“ ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ აბონენტს.

შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” (თელმიკო)

შპს “თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია”, იგივე “თელმიკო” 2020 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელები და მმართველობითი სტრუქტურა სს “თელასის” მსგავსია. კომპანიის 75.471% წილს ჰოლანდიაში რეგისტრირებული “Silk Road Holdings B.V” ფლობს, 24.529%-ს მფლობელი კი შპს “ენერჯი კომპანია”. “თელმიკოს” დირექტორი რუსეთის მოქალაქე ანატოლი მარკოვია, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: ანტონ ბელიავი (თავმჯდომარე), რუსლან გალიამოვი, ევგენი სარიმსაკოვი და ანდრეი მორდვინოვი. საქართველოს მოქალაქეებიდან საბჭოში შედიან თავმჯდომარის მოადგილე, თამარ გახარია და წევრი, შალვა წაქაძე. რაც შეეხება შპს “ენერჯი კომპანის”, იგი 2018 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორი თამარ გახარიაა, 50-50% წილებს კი ხვიჩა მაქაცარია და შპს “გაზტრანზიტი” ფლობენ.

შპს “თელმიკო” თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიაა და მან ამ საქმიანობით სს “თელასი” 2021 წლის 1 ივლისდან ჩაანაცვლა. ძირითადი ფუნქციური სხვაობა ამ ორ კომპანიას შორის არის ის, რომ „თელასი“ პასუხისმგებელია ელექტროქსელის ტექნიკურ გამართულობაზე, ხოლო „თელმიკო“ უზრუნველყოფს მომხმარებელთა კომერციულ მომსახურებას.

შპს “თბილისის მიკროავტობუსი”

შპს “თბილისის მიკროავტობუსი” 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მართავს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას (შპს ,,თბილ ლაინი“, შპს ,,კაპიტალ გრუპი“, შპს ,,ფაბლიქ ქარი“ და შპს ,,თბილ ქარი”), რომლებმაც დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 20 წლის ვადით მოიპოვეს.

ხვიჩა მაქაცარია შპს “თბილისის მიკროავტობუსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, მისი მოადგილეა კობა ღურწკაია, “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრის, ედიშერ თოლორაიას ცოლის ძმა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან თამარ გახარია, გიორგი არევაძე და დავით ასანიძე, ეს უკანასკნელი კომპანიის 100% წილის მფლობელია. კომპანიის გენერალური დირექტორი კი ალექსანდრე ჯაფარიძეა.

“თბილისის მიკროავტობუსთან” დაკავშირებული პირებიდან პარტიულ შეწირულება გაიღეს კობა ღურწკაიამ (2016-2018 წლებში “ქართული ოცნებას” 180,000 ლარი შესწირა) და ალექსანდრე ჯაფარიძემ (2012 წელს 10,000 ლარი გაიღო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ).

რაც შეეხება “თბილისის მიკროავტობუსის” ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს (შპს “თბილ ლაიანი”, შპს “კაპიტალ გრუპი”, შპს “თბილ ქარი” და შპს “ფაბლიქ ქარი”), ოთხივე მათგანში ხვიჩა მაქაცარია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, მოადგილე კობა ღურწკაია, საბჭოს წევრები კი თამარ გახარია, დავით ასანიძე და გიორგი არევაძე არიან.

შპს “თბილ ლაინი” 2010 წელს დაფუძნებელია, ხვიჩა მაქაცარია მის 100% ფლობს, დირექტორი კი ედუარდ აფრასიძეა; შპს “კაპიტალ გრუპის” 100% წილს ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესპარტნიორი, თეიმურაზ არონია ფლობს, დირექტორი მიხეილ ნადირაშვილია; შპს “თბილ ქარის” 100% წილის მფლობელი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, თენგის ალფენიძეა, დირექტორის პოზიციას კახაბერ ჭიპაშვილი იკავებს; შპს “ფაბლიქ ქარის” 100% წილის მფლობელი ირაკლი სექანიაა, დირექტორი კი - გიორგი კრაველიძე.

შპს “თბილისის პარკინგი”

შპს “თბილისის პარკინგი” 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დირექტორი შალვა წაქაძეა, წილებს კი ფლობენ ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე, მარია კოხია (20%), ირაკლი სექანია (20%), ზვიად შანავა (10%) და დავით წიწილაშვილი (50%), ეს უკანასკნელი ფოთის სტრატეგიული სიმდიდრეების შესახებ ჩვენს მიერ მომზადებული კვლევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. კომპანიის საკუთრებაშია, თბილისში, ვაგზლის მოედანზე, მეტროპოლიტენის სამმართველოს მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი, ფართობით 1618 კვ.მ.

ბ) კრიტიკული ციფრული ინფრატრუქტურა და სატელეკომუნიკაციო გავლენა: ხვიჩა მაქაცარია ფლობს ქვეყნის სამიდან ერთ-ერთ მსხვილ მობილურ ოპერატორს - „სელფი მობაილს“. კრიტიკული ციფრული ინფრასტრუქტურისა და მილიონზე მეტი აბონენტის პერსონალური მონაცემების კონტროლი მაქაცარიას ჯგუფს, ეკონომიკურთან ერთად, დიდ საინფორმაციო და სტრატეგიულ გავლენას ანიჭებს.

“ბილაინიდან” “სელფი მობაილამდე”

სატელეკომინუკაციო კომპანია შპს “სელფი მობაილ” (ყოფილი “ბილაინი”) 2003 წელს დაფუძნდა. ხვიჩა მაქაცარიას გამოჩენამდე, კომპანიას ფლობდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი VEON, რომლის უმსხვილესი აქციონერიც საინვესტიციო ჯგუფი LetterOne იყო. ამ უკანასკნელის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგაქრი, მიხეილ ფრიდმანი იყო. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მიხეილ ფრიდმანი დაასანქცირა. შედეგად, მან დატოვა ჰოლდინგ VEON-ის დირექტორთა საბჭო, ხოლო მისი წილები საინვესტიციო ჯგუფ LetterOne-ში გაიყინა.

საერთაშორისო იმიჯის შესანარჩუნებლად და დასავლურ ბანკებთან თუ ინვესტორებთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად, VEON-მა რუსულ კაპიტალისა და სანქცირებული პირებისგან დისტანცირება დაიწყო. ამ სტრატეგიის ფარგლებში, ჰოლდინგმა საქართველოს ბაზარი დატოვა და 2022 წლის ივნისში „ვიონი საქართველოს“ გაყიდვის პროცესი ოფიციალურად დაასრულა, იგი ხვიჩა მაქაცარიამ 45 მილიონ დოლარად შეიძინა.

შპს “სელფი მობალი”-ის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძეა, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე - გიორგი ვერძაძე, თავმჯდომარის მოადგილე - თამარ გახარია, წევრები - კობა ღურწკაია და თემურ კობახიძე. კომპანიის წილებს კი ფლობენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს "ვოთერთრაილ ინდასტრიზ" - 71% და შპს "ინვესტიკო ალიანსე" - 29%.

„კავკასუს ონლაინის“ კუთვნილება ოფშორული სტრუქტურების მეშვეობით

ხვიჩა მაქაცარია წარსულში ფლობდა შპს „კავკასუს ონლაინის“ საკონტროლო პაკეტს არაპირდაპირი მფლობელობის ფორმით. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის დამფუძნებლები იყვნენ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული საწარმოები: “ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ” (63.8%) და „ნელგადო ლიმითიდ“ (36.2%). ეს უკანასკნელი განკარგავდა „ინთერნეიშენელ ონლაინ ნეთვორქს ლიმითიდ“-ის 100%-იან წილს, ხვიჩა მაქაცარია კი ფლობდა სწორედ „ნელგადო ლიმითიდ“-ის 100% წილს. შესაბამისად, ის იყო „კავკასუს ონლაინის“ 100%-იანი არაპირდაპირი მფლობელი.

2019–2021 წლებში ხვიჩა მაქაცარიამ და მისმა პარტნიორებმა „Nelgado Limited“-ის (და შესაბამისად, „კავკასუს ონლაინის“) 100% აქციები ეტაპობრივად გაასხვისეს აზერბაიჯანულ საერთაშორისო ჰოლდინგ „NEQSOL Holding“-ზე. აღნიშნულმა ტრანზაქციამ მწვავე სამართლებრივი დავა გამოიწვია საქართველოს სახელმწიფოსთან - კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ წილების გასხვისება მოხდა რეგულატორის წინასწარი თანხმობის გარეშე, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა იყო. მალევე პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც კომისიას მიენიჭა უფლება, „კავკასუს ონლაინში“ დაენიშნა სპეციალური მმართველი, რომელმაც დროებით ჩაანაცვლა კომპანიის მენეჯმენტი. პასუხად, „NEQSOL Holding“-მა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო საარბიტრაჟო დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID), რომელიც დღემდე გრძელდება.

დღეის მდგომარეობით “კავკასუს ონლაინის” ფაქტობრივი რეალური მფლობელი აზებაიჯანული „NEQSOL Holding“-ია, კომპანიას კი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს. ეს ქეისი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ უკავშირდება ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესგარიგებები ქვეყნის კრიტიკულ ციფრულ ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო სამართლებრივ რისკებს.

გ) საზღვაო რესურსები და სტრატეგიული ლოგისტიკა: ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჯგუფის ინტერესები აქტიურად არის წარმოდგენილი საზღვაო სექტორში, როგორც ბუნებრივი რესურსების ათვისების, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

შპს “გუგოლპექსი”

შპს “გუგოლპლექსი” 2020 წლის სექტემბერში რეგისტრირებული კომპანიაა. მისი 100% წილის მფლობელია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე, მარია კოხია, დირექტორი კი არის თამარ გახარია.

სწორედ “გუგოლპექსის” მეშვეობით არის დაკავშირებული ხვიჩა მაქაცარია ორ მნიშვნელოვან კომპანიასთან: შპს “გეოფიშ კომპანის” (26% წილი) და შპს “ჯორჯიან სერვის ნეთვორკი” (50% წილი).

შპს “გეოფიშ კომპანი”

შპს “გეოფიშ კომპანი” შავ ზღვაში თევზჭერის ექსკლუზიური ლიცენზიის მქონე 5 კომპანიიდან ერთ-ერთია. ხვიჩა მაქაცარიას ინტერესები ამ საწარმოში შპს “გუგოლპექსის” მეშვეობით არის წარმოდგენილი, რომელიც კომპანიის 26% ფლობს, სხვა წილები კი შემდგნაირად არის განაწილებული: შპს “აისბერგი 2” - 64%, ალექსანდრე თავაძე - 4%, “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრი, გიორგი ხახუბია - 1.5%, ნინო სარიშვილი, გიორგი ხახუბიას მეუღლე - 1.5%, კახაბერ ლატარია 1.5%, თურქული კომპანია “ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი” - 1.5%. შპს “გეოფიშ კომპანის” დირექტორი ირაკლი ვეკუაა.

შპს “გეოფიშ კომპანისთან” დაკავშირებულ პირებს სხვადასხვა პერიოდში 763,100 ლარის ოდენობის პოლიტიკური შეწირულება აქვთ გაღებული, კერძოდ:

ირაკლი ვეკუამ 113,100 ლარი გაიღო, აქედან 1,100 შესწირა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2020-2025 წლებში კი 112,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”; კახაბერ ლატარიას სხვადასხვა პერიოდში 470,000 ლარი აქვს შეწირული, აქედან 2012 წელს 60,000 ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრობას”, 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილის, 2016-2025 წლებში კი 350,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”.

აღსანიშნავია, რომ „გეოფიშ კომპანის“ წილებს (სულ 25%-ს) წარსულში ნინო სარიშვილის მამა (დეპუტატ გიორგი ხახუბიას სიმამრი), აწ გარდაცვლილი თენგიზ სარიშვილი ფლობდა, რომელიც ასევე ფიქსირდება პოლიტიკურ შემწირველებს შორის. მან 2012 წელს 60,000 ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016-2021 წლებში კი 120,000 ლარი - “ქართულ ოცნებას”. “გეოფიშ კომპანი” შავ ზღვაში თევჭერის ერთ ლიცენზიას ფლობს 2036 წლამდე.

“სუფსის საზღვაო პორტი”

“სი ბი ეს ჯგუფს” თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნული აქვს, რომ ჰოლდინგის ერთ-ერთ საკუთრებას სუფსის საზღვაო პორტი წარმოადგენს. ტერიტორია, რომელიც პორტის ერთგვარ ფოტო რენდერზე ჩანს, ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებული კომპანიის - შპს “ბლექ სი პროდაქტის” საკუთრებაშია, თუმცა პორტი ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს, საიტზე აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, “სუფსის საზღვაო პორტის” წლიურმა საპროექტო ბრუნვამ 40 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს და მოიცვას 14 ძირითადი და დამხმარე ნავმისადგომი.

შპს “ბლექ სი პროდაქტი” 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, მისი დირექტორი შალვა წაქაძეა, 100% წილის ამჟამინდელი მფლობელი კი არის შპს “გრიგოლეთის განვითარების კომპანია”. წარსულში “ბლექ სი პროდაქტის” წილებს კვიპროსული კომპანიები (ტივოლი მენეჯმენტ ლიმიტედ, ვოლტარი ჰოლდინგზ ლიმიტედ და ლექსორექს ინვესტმენტს ლიმიტედ) ფლობდნენ, შემდგომში კი მისი მეპატრონე ისრაელის მოქალაქე, მაიკლ ჩერნი გახდა. სწორედ მისგან, 2022 წლის ივლისში შეიძინა კომპანიის 100% წილი 1,000 აშშ დოლარად შპს “გრიგოლეთის განვითარების კომპანიამ”.

შპს “გრიგოლეთის განვითარების კომპანია” 2020 წელს დაფუძნდა. დირექტორი აქაც შალვა წაქაძეა, წილებს კი ფლობენ: ხვიჩა მაქაცარია - 51%, მერაბ ჯეჯეია (საქართველოს და იტალიის ორმაგი მოქალაქე) - 20% და ირინა შლიამ (გერმანიის მოქალაქე) - 29%.

შპს “ბლექ სი პროდაქტი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში, მდინარე სუფსის შესართავთან და შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარედ ფლობს მიწის რამდენიმე ნაკვეთს, ჯამური ფართობით 106,766 კვ.მ. (10.6 ჰა)

საინტერესოა, რომ შპს “ბლექ სი პროდაქტის” საკუთრებაში არსებული მიწების მიმდებარედ მიწის ნაკვეთს (72,261 კვ.მ.) ფლობს წარსულში შალვა წაქაძესთან დაკავშირებული კომპანია - შპს “გრიგოლეთი”. ეს კომპანია 2020 წელს არის დაფუძნებული, მისი 100% წლის მფლობელი და დირექტორი თავდაპირველად სწორედ შალვა წაქაძე იყო, რომელმაც საკუთარი წილი 1,000 ლარად 2025 წლის სექტემბერში მიყიდა ნუგზარ რუხაიას, ამავე დროს გადააბარა დირექტორის პოზიციაც.

აღსანიშნავია, რომ ნუგზარ რუხაია ხვიჩა მაქაცარიას მეუღლესთან, მარია კოხიასთან არის დაკავშირებული შპს “ჯი ემ სი ჯგუფის” მეშვეობით, სადაც იგი დირექტორის პოზიციას იკავებს, კოხია კი კომპანიის 20% წილის მფლობელია[1].

დ) ექსკლუზიური შეთანხმებები ფინანსთა სამინისტროსთან.

lotto.ge - “საქართველოს ეროვნული ლატარეა”

„სი ბი ეს ჯგუფის“ ერთ-ერთ საქმიანობას ლატარიის ექსკლუზიური სექტორი წარმოადგენს, რასაც ჯგუფი შპს „ჯი ენ ელ“-ის მეშვეობით ახორციელებს, კომპანია 2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული 10-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, სავაჭრო ნიშნით Lotto.ge, უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ლატარიის (ტირაჟიანი და მომენტალური თამაშების) ორგანიზებას, მართვასა და ბილეთების დისტრიბუციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შპს “ჯი ენ ელ” 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დირექტორი არის გიორგი გედევანიშვილი, 100% წილს კი ფლობს შპს “ვინ”, რომელიც ასევე 2016 წელს დაფუძნებული კომპანიაა. შპს “ვინის” დირექტორი და 100% წილის მფლობელი კობა ღურწკაიაა.

შპს “ჯორჯიან სერვის ნეთვორკი”

შპს “ჯორჯიან სერვის ნეთვორკი” 2011 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, მის 50% წილს შპს “გუგოლპექსი” ფლობს, დანარჩენ წილებს კი ფლობენ: ბულგარეთში რეგისტრირებული კომპანია შპს “DAISY TECHNOLOGY EOOD” (1%), ასევე ბულგარეთის მოქალაქეები - ივაილო ემილოვ ველევ (44%) და მიროსლავ ლაზაროვ გინოვ (5%). კომპანიის დირექტორები კონსტანტინე ხაჯალია და მიროსლავ ლაზაროვ გინოვ არიან.

“ჯიესენის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე - gsn.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ბულგარული ბრენდის „Daisy Technology“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც მომხმარებელებს სთავაზობს სალარო აპარატებს, ფისკალურ პრინტერებსა და სავაჭრო მოწყობილობებს (POS სისტემები, სასწორები, სკანერები და სხვა), უზრუნველყოფს მათ ავტომატურ კავშირს შემოსავლების სამსახურთან და სთავაზობს მომხმარებლებს სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 1,464,220 ლარი მიიღო.

4. ხვიჩა მაქაცარიასა და მასთან დაკავშირებული პირების სხვა ბიზნესინტერესები

შპს “თბილისი მოლი”

შპს “თბილისი მოლი” 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია ფლობს მის 26% წილს, კომპანიის მფლობელები ასევე არიან: კონსტანტინე ნატროშვილი (20%), რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ილონა მეტრეველი (10%) და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული, წილებით შეზღუდული კერძო კომპანია “ჰოლდექს ინტერსეილსი” (40%), დირექტორი კი შალვა წაქაძეა. ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კომპანიის ძირითად საქმიანობას უძრავი ქონების გაქირავება წარმოადგენს. შპს “თბილისის მოლი” ასევე ფლობს თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთს, ფართობით 13,917 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებითურთ. ეს ტერტორია ე.წ. “დეზერტირების ბაზარია” და იგი “თბილისი მოლმა” გაასხვისა შპს “გალერეა არენაზე”, რომელმაც აქ სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს. შპს “გალერეა არენა” 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, მის 100% წილს კობა ღურწკაია ფლობს, დირექტორი გიორგი შანიძეა.

შპს “დიდუბე მოლი”

შპს “დიდუბე მოლი” 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია მის 24% წილს ფლობს, 10% წილის მფლობელი მარიამ ჯოლოხავაა, რომელიც “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის წევრის, ედიშერ თოლორაიას დისშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, გიგა მელიას მეუღლეა. შპს-ს 5% თეიმურაზ არონიას საკუთრებაშია, 6% წილს შპს “ნ.გ.ბ.” ფლობს, 55% წილის მფლობელი კი შპს “ბლოქსია”. შპს “დიდუბე მოლის” დირექტორი ირაკლი ჩხარტიშვილია, რომელმაც 2025 წელს “ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა.

ალკოჰოლური სასმელების ბრენდი „მარნაველი“ (Marnaveli) შპს „ტფილისის მარანის“ ქოლგის ქვეშ იწარმოება. „ტფილისის მარანი“ 2002 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც 2019 წლიდან ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას „CBS ჯგუფის“ შემადგენლობაში შედის და ბაზარზე ამ საფირმო ნიშნით უშვებს კლასიკურ თუ ქვევრის ღვინოებს, ბრენდსა და ჭაჭას. უშუალოდ ბრენდ „მარნაველის“ საწარმოო პროცესი კი მიმდინარეობს გარდაბანში, მარტყოფში, სოფელ ვაზიანში მდებარე ქარხანაში, რომელიც შპს „ეი ბი ეფ“-ის (წარსულში - “ალკოჰოლური სასმელების ქარხანა”) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული, შპს “ტფილისის მარანს” შპს “ეი ბი ეფ”-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი იჯარით აქვს აღებული.

“ტფილისის მარანის” დირექტორი და 40% წილის მფლობელი შალვა წაქაძეა, დანარჩენ წილებს კი ფლობენ: იოსებ იმნაძე - 30%, თამარ მაღალაშვილი - 15%, გიორგი დავითაშვილი - 8% და ნონა დავითაშვილი - 7%. ამათგან იოსებ იმნაძე პოლიტიკურ შემწირველებს შორისაა, მან 2025 წელს 60,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”. იოსებ იმნაძე პარალელურად შპს “ეი ბი ეფ”-ის დირექტორი და 33.33% წილის მფლობელია, ამავე კომპანიის წილებს ფლობენ: გიორგი დავითაშვილი 8.33%, ლიზი დავითაშვილი - 8.33%, ნონა დავითაშვილი 8.33% და გიორგი შანიძე 33.33%, ეს უკანასკნელიც პოლიტიკური შემწირველია და 2017-2020 წლებში “ქართული ოცნებისთვის” 83,000 ლარი აქვს შეწირული. პოლიტიკური შეწირულება გაღებული აქვს შპს “ეი ბი ეფ”-საც (იმჟამინდელი “ალკოჰოლური სასმელების ქარხანა”), 2018 წელს 120,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”.

შპს “ქროს ბორდერ თრეიდინგი” 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი 50% წილის მფლობელი ლევან წიკლაურია, ასევე 50% წილის მფლობელი და დირექტორი კი ილია ქუტიძე. კომპანიას 2026 წლის 1 აპრილიდან შეუჩერდა რეგისტრაცია, თუმცა წარსულში იგი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობდა. კომპანია “სემეკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე იძებნება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა რეესტრში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი, კომპანია 2021 წელს ეწეოდა ელექტროენერგიის ექსპორტს სომხეთსა და თურქეთში;

შპს “თბილისი სოლარ ენერჯი” 2025 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. ხვიჩა მაქაცარია მის 50% წილს ფლობს, მეორე 50% წილის მეპატრონე დიმიტრი ადამიაა, დირექტორი კი გიორგი მარგებაძე. დიმიტრი ადამიას, რომელიც ამავე დროს m²-ის გენერალური დირექტორია, 2016-2025 წლებში პოლიტიკური შეწირულების სახით 145,000 ლარი აქვს გაღებული, საიდანაც 85,000 ლარი - “ქართულ ოცნებას”, 60,000 ლარი კი პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შესწირა.

შპს “ჰაიდრო ინვესტი” 2021 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია ფლობს 45% წილს, დანარჩენი კი შემდეგ პირებს შორის არის განაწილებული: ილია ქუტიძე - 2.87%, მამუკა ტოგონიძე - 36.1%, დავითი ქუტიძე - 5.5%, რევაზ ქუტიძე - 5.5% და იულია დედოვა (რუსეთის მოქალაქე) - 5%. ამათგან მამუკა ტოგონიძემ 2018-2020 წლებში 29,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”, დავით ქუტიძემ კი 2025 წელს - 60,000 ლარი. ეს კომპანია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყალზე აშენებს 22,4 მეგავატი სიმძლავრის “ცხენისწყალი 1 ჰესს”;

შპს “მირენ ინვესტი” 2018 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია მის 100% წილს ფლობს, დირექტორი კი კობა ღურწკაიაა. წარსულში კომპანიის სახელწოდება “ემ კა ენერჯი” იყო, წილები კი თანაბრად იყო განაწილებული ხვიჩა მაქაცარიასა და თემურ კობახიძეს შორის, ეს უკანასკნელიც “ქართული ოცნების” შემწირველია და ჯამში 108,500 ლარი აქვს გაღებული, საიდანაც 30,000 ლარი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე მოდის. შპს “მირენ ინვესტი”, თავის მხრივ, ფლობს 59.1% წილს შპს “სილქ როუდ გრუპ ბ.ვ”-ში, რომლის დირექტორი თამარ გახარიაა, დანარჩენი წილები კი განაწილებულია შპს “ სილვერ ლეიქსა” (2.5%) და შპს “გაზტრანზიტს” (38.4%) შორის.

შპს “სითისაით”

შპს “სითისაით” 2017 წელს დაფუძნებილი კომპანიაა, მისი დირექტორი კობა ღურწკაიაა, წილებს კი ხვიჩა მაქაცარიას მეუღლე, მარია კოხია და თემურ კობახიძე ფლობენ. “სითი საითის” საკუთრებაშია თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე მიწის ორი ნაკვეთი (ჯამური ფართობით - 1,565 კვ.მ.), მასზე არსებული შენობებითურთ (ჯამური ფართობით - 1,948 კვ.მ.). სწორედ აქ არის განთავსებული რესტორანი “ქალაქური”.

შპს “სმარტუან პოს” და შპს “თბილისი ფაუერ”

შპს “სმარტუან პოს” 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დირექტორია გიორგი კრაველიძე, ხვიჩა მაქაცარია კი კომპანიის 100% წილს ფლობს. ეს კომპანია ფისკალურ (სალარო) აპარატებს და შესაბამის ტექნიკურ სერვისს უზრუნველყოფს. კრაველიძე და მაქაცარია ერთმანეთთან კიდევ ერთ, 2022 წელს დაფუძნებულ კომპანიაში შპს “თბილისი ფაუერში” არიან დაკავშირებული, აქაც დირექტორი კრაველიძია, ხვიჩა მაქაცარია კი კომპანიის მფლობელი.

შპს “აივეი ქომპანი”

შპს “აივეი ქომპანი” 2023 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია ფლობს მის 34% წილს, 33-33 პროცენტები კი განაწილებულია ნინო ნაზარიანსა და ჰარუთინ გრიგორიანს შორის, ეს უკანასკნელი საქართველოსა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეა, იგი კომპანიის დირექტორიცაა.

შპს “ნიუ-იურკ ექსჩეინჯ”

შპს “ნიუ-იურკ ექსჩეინჯ” 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი ამჟამინდელი დირექტორი და 75% წილის მფლობელი სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქე, ფურია ნაიებია, 25% წილს კი ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ალეკსანდრ ლიშკოვსკი ფლობს. კომპანიას რეგისტრაცია შეჩერებული აქვს 2026 წლის 1 აპრილიდან. ხვიჩა მაქაცარია ამ კომპანიასთან 2017 წლამდე იყო დაკავშირებული, მაქაცარიამ საკუთარი წილი 2017 წლის 1 დეკემბერს ალეკსანდრ ლიშკოვსკის 100 ლარად მიჰყიდა.

შპს “ი პი სი ემ ჯორჯია”

შპს “ი პი სი ემ ჯორჯია” 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია ფლობს მის 30% წილს, დანარჩენს კი: გივი სანაძე - 20%, სურენ ნაზარიანი - 17%, მაია კეშელევა - 17% და ჰარუთინ გრიგორიანი - 16% ფლობენ. ეს უკანასკნელი ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

შპს “ემ2ემ”

ხვიჩა მაქაცარია ფლობს შპს “ემ2ემ”-ის 50% წილს, კომპანიის დირექტორი და 50% წილის მფლობელი კი რუმინეთის მოქალაქე, რუსლან მეჰოვნიკოვია.

შპს “პეისი”

შპს “პეისი” 2023 წელს დაფუძნებული კომპანიაა, ხვიჩა მაქაცარია მის 49% წილს ფლობს, 51% მფლობელი კი შპს “სელფი მობაილია”, დირექტორის პოზიციას ნიკოლოზ ჭიაურელი იკავებს.

შპს “პარამაუნტ დეველოპმენტი”

შპს “პარამაუნტ დეველოპმენტი” 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მაქაცარია მისი წილების 90% ფლობს, 5-5 პროცენტი და ლაშა მეგრელიძესა და დავით ქუტიძეს შორისაა განაწილებული, ეს უკანასკნელი კომპანიის დირექტორიცაა.

შპს “სფოთ ფოინთ”

შპს “სფოთ ფოინთ” 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი ამჟანიდელი მფლობელები ხვიჩა მაქაცარია (65%), დავით წიწილაშვილი (25%) და ტაჯიკეთის მოქალაქე ნიგინა ხუდოიორბეკოვა (10%), კომპანიის დირექტორი კობა ღურწკაიაა. აღსანიშნავია, რომ დაფუძნებიდან ერთი თვის განმავლობაში კომპანიის დირექტორი ყოფილი ჟურნალისტი, ნათელა (ნათია) მიქიაშვილი იყო. კომპანიას 21,513 ლარის ერთი პირდაპირი შესყიდვაც აქვს მიღებული.

ნათელა (ნათია) მიქიაშვილი ფიგურირებს ხვიჩა მაქაცარიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ კომპანიაში - შპს “სითიგეით”, სადაც ის დირექტორის პოზიციას იკავებს, მაქაცარია ამ კომპანიის 50% წილის მფლობელია, ამდენივეს ფლობს უკრაინის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, სერგი ეფიმცევი. აღსანიშნავია, რომ შპს “სითიგეითს” 2026 წლის 1 აპრილიდან რეგისტრაცია შეუჩერდა.

შპს “მზიური”

“სი ბი ეს ჯგუფის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფი ფლობს “მზიურის ჩოგბურთის კორტებს”, თავად ხვიჩა მაქაცარია კი ა(ა)იპ “საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის” პრეზიდენტია, ვიცეპრეზიდენტის პოზიციას კი ალექსანდრე მეტრეველი იკავებს. მაქაცარია და მეტრეველი ერთმანეთთან ასევე დაკავშირებული არიან შპს “მზიურიში[2]”, სადაც ხვიჩა მაქაცარია 50% წილის მფლობელია, ალექსანდრე მეტრეველი ასევე 50% წილის მფლობელი და დირექტორიცაა. ალექსანდრე მეტრეველი ამავდროულად არის შპს “მზიური 2017”-ის დირექტორი. ამ კომპანიაში 50% წილის მფლობელია თეიმურაზ მაქაცარია. სწორედ შპს “მზიური 2017”-ს აქვს თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი (ფართობით - 17,454 კვ.მ.) იჯარით აღებული, სადაც საჩოგბურთო კორტებია განთავსებული.

შპს “სპორტული ეზო”

შპს “სპორტული ეზო” 2005 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი დირექტორია ზაზა კარასანიძე, კომპანიის 100% წილს სსიპ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი” ფლობს და წილს სწორედ ხვიჩა მაქაცარია მართავს.

შპს “ლაგუნა ფროფერთი”

შპს “ლაგუნა ფროფერთი”, წარსულში შპს “რუსული რესტორანი” 2007 წელს რეგისტირებული კომპანიაა, მისი დირექტორი შალვა წაქაძეა, წილებს კი მარია კოხია და სერგეი ეფიმცევ ფლობენ. კომპანიის საკუთრებაშია, თბილისში, ცირკის ასასვლელი კიბის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი (ფართობით 1,122 კმ.მ.) და მასზე არსებული შენობა (ფართობით 546 კვ.მ.).

შპს “პლუმას”

შპს “პლუმას” 2023 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მარია კოხია მის 100% წილს ფლობს. დირექტორი მერი ბიჭაშვილია. სწორედ ამ კომპანიის ეგიდით შექმნა მარია კოხიამ ქალის ტანსაცმლის ბრენდი “KOKHIA”, რომელიც, ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მონაკოში ფუნქციონირებს.

წინამდებარე კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ხვიჩა მაქაცარიასა და მისი „სი ბი ეს ჯგუფის“ (CBS Group) საქმიანობა მსხვილი კაპიტალისა და პოლიტიკური ძალაუფლების შერწყმის კლასიკური მაგალითია. ჯგუფმა შეძლო სტრატეგიული გავლენის კონსოლიდაცია: ერთი მხრივ, დედაქალაქში მათ ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თითქმის ყველა სერვისი: გაზმომარაგება, ელექტროენერგია და მუნიციპალური სამარშრუტო ტრანსპორტი. მეორე მხრივ კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯგუფი აკონტროლებს კრიტიკულ საინფორმაციო და ციფრულ ინფრასტრუქტურას მობილური ოპერატორი „სელფი მობაილის“ სახით და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას ეროვნული ლატარიის მართვაზე. ამას ემატება შავ ზღვაში ლოგისტიკური და რესურსული აქტივების („გეოფიშ კომპანი“ და პერსპექტივაში „სუფსის პორტი“) ათვისებაც.

ამ ბიზნესიმპერიის მდგრადობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოფშორული კომპანიების გამოყენებით შექმნილი გაუმჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურები, ენერგოსექტორში რუსულ სახელმწიფო გიგანტ „ინტერ რაოსთან“ პარტნიორობა და მმართველ ელიტასთან მჭიდრო კავშირი. 1.5 მილიონ ლარზე მეტი პოლიტიკური შეწირულება და ხელისუფლების რეპრესიული ინიციატივების ღია მხარდაჭერა მიუთითებს ორმხრივ ნდობასა და ინტერესთა თანხვედრაზე. ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესქსელი თვალსაჩინოდ ასახავს სახელმწიფოს მიტაცების რისკებს, სადაც ბაზარზე წარმატებას თავისუფალი კონკურენციის ნაცვლად პოლიტიკური მფარველობა და ლოიალობა განაპირობებს"- წერია კვლევაში.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნაიმედი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →

მსგავსი სტატიები

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ფინანსურ პოლიციას დღეს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - ვინ შეცვლის ლევან ხარაბაძეს

ტვ პირველი

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

"პირველების" ინფორმაციით, ჯარის ძარცვის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ

ტვ პირველი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ირანის ელჩი აშშ-ის სანქციების დაცვაზე: საქართველო ირანელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი

ტვ პირველი

დააკავეს 7 პირი, მათ შორის ქალები - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

დააკავეს 7 პირი, მათ შორის ქალები - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

ტვ პირველი