
22 ათასით ნაკლები დასაქმებული და 36 ლარით გაზრდილი საშუალო ხელფასი - რას აჩვენებს საქსტატის მონაცემები | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა ორი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით 22 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში საშუალო ხელფასი 36 ლარით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
სახელმწიფო მთვლელის ინფორმაციით, პარალელურად, ქვეყანაში საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა ფიქსირდება, რაც მოსახლეობის რეალურ შემოსავალსა და მსყიდველუნარიანობაზე აისახება.
საქსტატის მონაცემებს ეკონომისტები შრომის ბაზრისა და მოსახლეობის რეალური შემოსავლების კონტექსტში აფასებენ. გიორგი ხიშტოვანი ყურადღებას დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასა და ხელფასების დინამიკაზე ამახვილებს. მისი შეფასებით, ნომინალური ხელფასის ზრდა ფასების მატებას ვერ უსწრებს, რის გამოც მოქალაქეების რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად არ იზრდება.
ქვეყანაში არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ხელფასების ზრდა გაუტოლდა თითქმის ინფლაციის მაჩვენებელს ანუ რეალური ხელფასები არ იზრდება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ ყბადღებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ვირტუალური ხასიათი, რადგან ფაქტობრივად, გაუგონარი სიტუაციაა, როცა ხელფასები არ იზრდება რეალურად, სამუშაო ადგილები არ იქმნება და გვიმტკიცებს მთავრობა, რომ ეკონომიკა დუღს და ეკონომიკა რეალურად, იზრდება 8%-ით. ეს კითხვებს ბადებს ამ ზრდასთან დაკავშირებულს და რაღაც ტიპის პასუხებიც უკვე გვაქვს ამზე. ეს ზრდა არის დიდწილად ვირტუალური. დასაქმებული მოსახლეობაც კი თვიდან თვემდე უფრო ღარიბდევა, ვიდრე მდიდრდება, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი კი ყურადღებას საქართველოში თვითდასაქმებულთა მაღალ წილზე ამახვილებს. მისი თქმით, ასეთ პირობებში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მოსახლეობის შემოსავლების სრულ სურათს ვერ ასახავს. გერლიანი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებელი მოქალაქეთა ფართო ჯგუფებზე თანაბრად არ ნაწილდება, ხოლო ფასების ზრდა შემოსავლების მატების ეფექტს ამცირებს.
ჩვენთან მაღალია თვითდასაქმების მაჩვენებელი ანუ პრაქტიკულად, 45%-ზე მეტი, ითვლება, რომ თვითკმაყოფაზეა, თვითდასაქმებულია. ლოგიკურია, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო ხელფასის ცნება ზუსტ სურათს ვერ ასახავს ვერცერთ შემთხვევაში, ამიტომაც მოსახლეობა ვერ გრძნობს საშუალო ხელფასის ზრდის ტენდენციას თავის ეკონომიკური მდგომარეობის ზრდაში. ეკონომიკის ზრდის შედეგად მიღებული ფინანსები რიგით მოქალაქეებამდე ფართოდ, მასობრივად, ვერ დადის და ლოგიკურია, რომ ხალხი არის უკმაყოფილო, როდესაც ხედავს, რომ საშუალო ხელფასი, ცხადდება რომ იზრდება, მაგრამ მასთან არაფერი შეცვლილა, პირიქიტ, ფასების ზრდამ შეუჭამა ის ნაზდი თუ ოდნავ მას ჰქონდა, - ამბობს რამაზ გერლიანი.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge