არჩილ მუსელიანცის ადვოკატი საპატიმროში მონიტორინგის ჯგუფის დაშვებას და პატიმრის მიერ აღწერილი პირობების ადგილზე გადამოწმებას ითხოვს. დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გაასაჯაროოს შესაბამისი ვიდეოჩანაწერები ან თავად აჩვენოს ის სივრცეები, რომლებზეც მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბრობს.
ადვოკატის თქმით, საპატიმროებში გადატვირთულობისა და ანტისანიტარიის პრობლემა რეალურად არსებობს. ის ყურადღებას სამედიცინო მომსახურებაზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ როდესაც ერთ ექიმს ასობით პატიმრის მომსახურება უწევს, დროული სამედიცინო დახმარების გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
დერეფანში დამონტაჟებული კამერებიდან გამომდინარე თარიღის მითითებით და ა.შ., გაავრცელონ ინფორმაცია და გვაჩვენონ, მართლა ხდება ასეთი რაღაცეები თუ არა. ან შეიყვანონ კონკრეტული პიროვნება, თავიანთი პრესსამსახური შეიყვანონ და აჩვენონ კონკრეტული სარდაფის ოთახი, ადგილი, ნამდვილად არის თუ არა ასეთ პირობებში, ან შიგნით როგორი ლეიბები აწყვია, იმიტომ, რომ არჩილი ამბობს, რომ იქ ათასი ადამიანის დანაშარდია. პრობლემა, რაზეც ორი კვირის წინ ვსაუბრობდი, რომ ციხეები გადატვირთულია, ანტისანიტარიაა და სხვადასხვა პრობლემებია, ეს ნამდვილად სახეზეა. რაც შეეხება ექიმებს, არავინ ამბობს, რომ ექიმები ცუდები არიან, უბრალოდ, ერთ ექიმზე რომაა 400 პაციენტი, რომელსაც მუდმივად რაღაც სტკივა, შეუძლებელია, რომ იქ დროული მკურნალობა გაეწიოს, - ამბობსდიმიტრი ვარდიაშვილი.
უფლებადამცველი ალექსანდრე ბარამიძე კი მუსელიანცის მიერ აღწერილ პირობებში არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს ხედავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, შესაბამისი ფაქტების დოკუმენტირების შემთხვევაში, საქმე შესაძლოა საერთაშორისო ინსტიტუტებშიც გასაჩივრდეს.
ეს წამება თუ არა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ნამდვილად არის. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის აშკარა დარღვევის ფაქტები, ასევე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლისა დ აბუნებრივია, რომ ნორმალური სახელმწიფოს რეაგირება უნდა ყოფილიყო ის, რომ მაშინვე გახსნილიყო გამოძიება და დამდგარიყო შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი შეიტანონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ოღონდ ამას სჭირდება დოკუმენტირება, სათანადო საჩივრის მომზადება და შეტანა, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
მუსელიანცის დედობილი ცარო ოშაყაშვილი კი პენიტენციური სამსახურის განცხადებას უარყოფს და ამბობს, რომ პატიმრის მიერ აღწერილი პრობლემები რეალურია. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის პატიმრები, რომლებსაც გარედან საკვებითა და თანხით დახმარების შესაძლებლობა არ აქვთ.
წერენ, რომ არჩილმა რამდენჯერმე შეიცვალა საკანი, რაც არის სრული სიცრუე. გადაიყვანეს ერთი საკნიდან მეორეში შარშან, როდესაც იყო რემონტი, იყო დეზინფექცია, ამ შემთხვევაში თუ გაჰყავდათ სხვა საკანში, უფრო უარეს საკანში. ვცდილობთ, რომ არჩილმა არ მიიღოს იქაური საკვები, ვეხმარებით, მაგრამ მის საკანში არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიკურად ვერავინ ეხმარება, ვერცს საჭმელს უგზავნის, ვერც თანხით ეხმარებიან და იძულებულები არიან ეს საკვები წამონ. არჩილი ცდილობს, უსამართლობას ციხიდან ებრძოლოს, - ამბობს მუსელიანცის დედობილი ცარო ოშაყაშვილი.
არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და სისტემურ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, პატიმრებს ხშირად უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გადატვირთულ საკარანტინო სივრცეში ათავსებენ, სადაც ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია, მდგომარეობა კი განსაკუთრებით წვიმის დროს მძიმდება.
წერილში საუბარია სამედიცინო მომსახურების პრობლემებზეც. მუსელიანცის განცხადებით, ერთ-ერთ კორპუსს მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურება, რის გამოც ის პატიმრების დროულად გასინჯვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, საჭირო მედიკამენტების მიღებას კი ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის მიერ გლდანის ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყება პატიმრის განცხადებებს „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge