გია ვოლსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახალი საკადრო ცვლილებები იგეგმება. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლებაში კადრების შეცვლა დაგეგმილი არ არის.
ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება, თუმცა, მისი თქმით, ივანიშვილი ამ პროცესში „ბოლო ინსტანციის“ როლში არ მონაწილეობს.
ყველა გადაწყვეტილება საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილთან თანხმდება არა როგორც ბოლო ინსტანციასთან, არამედ საერთოდ პროცესი როცა მიმდინარეობს და ახლა, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და სხვა პირები იხილავენ ამა თუ იმ სფეროში საკადრო საკითხებს, რასაკვირველია, ეს ბიძინა ივანიშვილის გვარს არ უნდა მივაწეროთ. ჩვეულებრივი თემაა კადრების ცვლილება, თუმცა არაფერი მაგდაგვარი არ იგეგმება, - ამბობს ვოლსკი.
„ქართულ ოცნებაში“ ახალი საკადრო ცვლილებები იგეგმება. „პირველების“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს აცნობეს, რომ ხელისუფლებაში მორიგი გადაადგილებებია მოსალოდნელი.
არსებული ინფორმაციით, საუბარია სულ მცირე ორ მინისტრზე. ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება თუ ცვლილებები ხელისუფლების შიგნით პოზიციების გადანაწილებას შეეხება.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge