“საქართველოში პატიმართა რაოდენობა 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს“ - საიას ანგარიში
ტვ პირველი|tvpirveli.ge
საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, საქართველო ამჟამად ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.
მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს. ევროპის საბჭოში საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება.
“წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან. აღნიშნული სახელმძღვანელოს მომზადების მიზნით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სპეციალურ მომხსენებელს 2026 წლის 28 სექტემბერს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ციხის მოსახლეობის მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებულ გამოწვევებს მიმოიხილავს. დოკუმენტში განხილულია ციხის პოპულაციის რაოდენობასთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკა, ყურადღება გამახვილებულია საქართველოში პატიმართა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ევროპაში, პატიმართა რაოდენობის ზრდაზე და ცალკეულ დაწესებულებებში არსებულ ლოკალურ გადატვირთულობაზე. ასევე, მიმოხილულია პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლის გამოწვევები, აღნიშნული ზომების გამოყენების შემცირება, გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულობა. დოკუმენტი ასევე შეეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ფართო გამოყენების, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივების არასათანადო გამოყენებისა და დასჯაზე ორიენტირებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრობლემებს. დოკუმენტი ასევე მიუთითებს პრევენციის, რეაბილიტაციისა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებაზე და პატიმართა რაოდენობის ზრდას განიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა ფართო გაუარესების კონტექსტში. აღნიშნულ საკითხებზე დაყრდნობით, დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები”, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზე:
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge