თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე 38 პირი ზის. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა განიხილოს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გიორგი გოგოლაძის მიმართ, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.
გამოძიების ვერსიით, სწორედ გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები საქართველოში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“, განიხილავდნენ ფინანსურ დავებს და მოქალაქეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, შსს-ს ცნობით, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერებია. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ჩანაწერებში მოსაუბრე პირების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და, შესაბამისად, ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისია.
ინტერესების დამცველები დღევანდელ პროცესზე დააყენებენ შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც, მოითხოვენ მათუ დაცვის ქვეშ მყოფები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
ის უდანაშაულოა, არის მშრომელი, ხელოსანი ადამიანი. წარმომადგენელი სისხლის სამართლების მასალებით, თითონ ოფიციალური ბრალდებითაც კი დაუდგენელი და გაუგებარია თუ ვის შორის იყო დავა, რა დავა იყო და როგორ უნდა გადაწყვეტილიყო ეს დავა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წარდგენილია ბრალდება ჭორის საფუძველზე და რეალური მტკიცებულება რაიმე, რაც მამხილებელი იქნება და საშუალებას მისცემდა ბრალდების მხარეს, რომ კონკრეტიზაცია მოეხდინა ბრალის, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, - ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
ბრალდებულთა ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.
24 საათის განმავლობაში ქურდულს სამყაროსთან კავშირში მყოფ 94 პირს წაუყენებს ბრალდება, მათ ნაწილს დაუსწრებლად, 80 კი ხელბორკილი დაადეს. სასამართლო პროცესები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და პატმრობა 22 პირს შეეფარდა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge