ტვ პირველი|tvpirveli.ge
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას ბათუმიდან ელოდება. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები მისთვის გამაოგნებელია. მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ სარჩელში წარსული მოვლენების შეფასებები, მათ შორის, 2003 წლის ვარდების რევოლუციის, ერგნეთის ბაზრობის გაუქმებისა და 2008 წლის ომის საკითხებზე.
“ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის. ყველაზე კარგად ბათუმმა გაიგო, რა იყო კეთილდღეობა, თავისუფლება და განვითარება. ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს. ვარდების რევოლუცია თუ უკანონობა, მაშინა აჭარისა და ბათუმის საქართველოს ტერიტორიებად ყოფნაც უკანონობაა. მინდა გითხრათ, თუ ესენი დარჩნენ, მემგონი, გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია. სამი მთავარი სიტყვა “გაგვიბანძეს” - იმედი, მშვიდობა და ოცნება, ალბათ, ეს სიტყვები თაობებს შეზიზღდებათ”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სასამართლო პროცესზე სააკაშვილი 2008 წელს მოკლული სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის საქმესაც შეეხო და მის წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერა.
“ხშირად მესმის ბათუმში, პროცესი რომ მიმდინარეობს, რომ როინ შავაძის მკვლელობა არ გამოიძიესო. იცით ვინ იყო როინ შავაძე? ის იყო მოღალატე, საქართველოს სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების განლაგებას, კოორდინატებს და დასაბომბ ადგილებს. ის რომ ნასამართლევი ყოფილიყო, 2012 წელს აუცილებლად გაუშვებდნენ, როგორც პოლიტპატიმარს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გაზიარება:
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge