მაკა ბოჭორიშვილი 10-11 ნოემბერს პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.
დისკუსია ბავშვთა ჯანმრთელობას, კვებას, უსაფრთხოებასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შეეხება. შეხვედრაში 20-მდე მონაწილე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ჩაერთვებიან.
პარიზის მშვიდობის ფორუმი, რომელიც ემანუელ მაკრონის ინიციატივით 2018 წელს დაარსდა, წელს მეცხრედ იმართება. მას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც დაესწრება.
ბოჭორიშვილის მონაწილეობა ყურადღებას იქცევს საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე. კერძოდ, საქართველო მიწვეული არ არის 15-16 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, ხოლო ბრიუსელში დაგეგმილ დაკავშირებადობის ფორუმზე ქვეყანა შედარებით დაბალი რანგის წარმომადგენლის დონეზეა მიწვეული.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს პარიზის მშვიდობის ფორუმზე სალომე ზურაბიშვილის დასწრება „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირების მიზეზი გახდა. მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის თანხმობა არ მოუთხოვია.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge