რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა პოლიტიკური ლიდერის განცხადება ძალადობისკენ მოწოდებას? - შესაბამისი კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას დაუსვა.
მეორე კითხვა ეხება მშვიდობიან პროტესტს და ძალადობას, ანუ როგორ უნდა გაიმიჯნოს მშვიდობიანი პროტესტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, პოლიციური წინააღმდეგობა და ძალადობრივი წინააღმდეგობა?
მოსამართლე ასევე დაინტერესდა, რა მომენტიდან შეიძლება პოლიციური პროტესტი გასცდეს კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებს? პიროტექნიკა, ქვები, მოლოტოვის კოქტეილი?
ნიკა გვარამიამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ აქციის უკანონობა და მისი ძალადობრივი ხასიათი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
"აქცია შეიძლება უკანონო იყოს, მაგრამ არაძალადობრივი, ან კანონიერი, თუმცა ძალადობრივი. მხოლოდ კანონის დარღვევა არ ნიშნავს, რომ აქცია კონსტიტუციური და კონვენციური დაცვით აღარ სარგებლობს"- უთხრა მან მოსამართლეს.
მისი თქმით, პარტიისთვის კონკრეტული ქმედებების მიკუთვნებისას უნდა დადგინდეს, ძალადობა სპორადული და ინციდენტური იყო თუ წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული და კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.
გვარამია ამბობს იმასაც, რომ ერთმანეთისგან უნდა განასხვავონ მოლოტოვის კოქტეილი და პიროტექნიკა.
მისი თქმით, მოლოტოვის კოქტეილი წინასწარ მომზადებული ცეცხლგამჩენი საშუალებაა, რომლის გამოყენებასაც ზიანის მიყენების საფრთხე ახლავს, პიროტექნიკა კი იარაღი არ არის და მისი გამოყენების შეფასებისას მნიშვნელობა აქვს, ის ვინმესთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენეს თუ ჰაერში გაუშვეს და ზიანი თანმდევად დადგა.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ აქციაზე ცალკეული სამართალდარღვევები ავტომატურად არ განსაზღვრავს მის ძალადობრივ ხასიათს, ხოლო კონტექსტი შეიძლება მტკიცებულებად გამოიყენონ, თუმცა თავისთავად აქციას ძალადობრივად ვერ აქცევს.
გვარამიას შეფასებით, აქციის შინაარსისა და მონაწილეთა ვინაობის ნაცვლად, სასამართლომ და პოლიციის კონკრეტული ქმედებები უნდა შეაფასოს.
გვარამის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება პიროტექნიკის შეძენა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა.
ძალადობრივს არაფერს არ მივიჩნევთ დასაშვებად - თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა მოსამართლის საპასუხოდ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა.
პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და ამ ეტაპზე, მოსამართლეების კითხვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პასუხობს.
საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სარჩელს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის 88 დეპუტატი. ისინი შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის − გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საკონსტიტუციო სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge