თბილისის მეტროში 41 მილიონი ლარის სავარაუდო მითვისების საქმე მერიაში არსებული სისტემური კორუფციის შედეგია, - ამის შესახებ საბა ბუაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, დედაქალაქის მერიაში ანგარიშგებისა და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლამ შესაძლებელი გახადა, რომ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებიდან მილიონობით ლარი წლების განმავლობაში უკანონოდ მიეთვისებინათ.
ის კორუფცია, რომელიც თბილისის მერიაში წლების განმავლობაში ყვაოდა და ყვავის, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება რაღაც ცალკეული, განყენებული შემთხვევა. ეს არის სისტემური კორუფციის შედეგი, სადაც აი, ამ შექმნილი გარემოს გამო, თბილისელებმა და საქართველოს მოქალაქეებმა იზარალეს მილიონობით ლარი, რომელიც მოიპარა იმ ხალხმა, რომელსაც ამ ყველაფრის გაკეთების საშუალებას აძლევდნენ ხელმძღვანელი პირები. როდესაც თბილისის მერიაში მოშლილია ანგარიშგების და ზედამხედველობის სისტემა, როცა საკრებულო ვერ ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციას იმ ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო, რომელსაც თბილისის მერი ეწევა, ვიღებთ იმ შედეგს, სადაც ხდება ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებიდან ფულის მოპარვა, თან წლების განმავლობაში იმ ფორმით, რომ არავის გასჩენია კითხვა იმაზე, რამდენად სისტემური იყო ეს კორუფცია ან ვინ აძლევდა ამ ადამიანებს ასეთი მასშტაბური კორუფციული სქემების ორგანიზების საშუალება, - ამბობს საბა ბუაძე.
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს - პროკურატურამ "პირველების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა. საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს. მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი. როგორი იყო სქემა პროკურატურის მიხედვით? პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა. გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ. ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი - 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge