საბახტარაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი: ზოგიერთ ადამიანს მშობლად გახდომის შანსი მხოლოდ სუროგაციით აქვთ, ნუ წაართმევთ ამ შანსს
ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე ხელისუფლებას სთხოვს, გამოიჩინოს ჰუმანურობა და არ წაართვას ადამიანებს მშობლად გახდომის შანსი სუროგაციის გზით.
ექიმი რეპროდუქტოლოგი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუს დროს, საუბრობს იმ ადამიანებზე, რომელთაც შვილის გაჩენა მხოლოდ სუროგატი დედის დახმარებით შეუძლიათ - გვენეტაძის თქმით, ასეთები არიან ის ქალები, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში კიბოს ებრძოდნენ, ან არ აქვთ საშილოსნო, მაგრამ აქვთ კვერცხუჯრედები და მათთვის სუროგაცია ერთადერთი შანსია დედად გახდომის.
არიან პაციენტები, რომელთაც კიბოს დიაგნოზი დაუდგინდათ და მათ წინასწარ ჩააბარა მათი გენეტიკური მასალა (ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედი) მერე მკურნალობის ეტაპებზე მოუწია საშვილოსნოს ამოღებაც, შემდეგ განიკურნა ან კარგ რემისიაშია და სურს გააჩინოს შვილი თავისი გენეტიკური მასალით. მას ერთადერთი შანსი რჩება სუროგატი დედის გამოყენება. სრულიად ჯანმრთელ ქალს მშობიარობის ან სხვა გართულების დროს დაკარგა საშვილოსნო და არც შვილი ჰყავს, ასეთი პაციენტები გვყოლია, მას საკვერცხეები აქვს, გენეტიკური შვილის ყოლა შეუძლია, მაგრამ არ აქვს საშვილოსნო, მათთვისაც ერთადერთი გზა მშობლად გახდომის ბედნიერების არის სუროგატი დედა. ამიტომ ეს ჩემი თხოვნაა, რომ ადამიანებს ვისაც ხელეწიფებათ და ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ - იქნებ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულიად კანონიერად, შესაბამისი რეგულაციით, მითუმეტეს ისინი ძალიან ცოტანი არიან (ეს დასაშვები იყოს). თითოეულ ადამიანს მშობლად გახდომის ბედნიერების შანსი უნდა მივცეთ. თუ ეს კანონიერად, ადამიანურად, ლოგიკურად იქნება, ვფიქრობ, ყვლა მოგებული დარჩება აქედან. ისინიც ხომ ადამიანები არიან. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის თხოვნაა. თითზე ამოსათვლელი იქნება, განა ბევრი იქნება? ვფიქრობ ეს იქნებოდა კარგი, ადამიანური და ჰუმანური ქმედება და ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე", - ამბობს არსენ გვენეტაძე.
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge