ცოტნე ანანიძე, ბერდია კუტუბიძის დოკუმენტური ფილმის - "ყველაფრიზმი: მარადიულნი" ჩვენებას დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ბათუმის დრამატულ თეატრში, აჭარის კულტურის მინისტრთან ელისო ბოლქვაძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ბერდია კუტუბიძის დოკუმენტური ფილმის - "ყველაფრიზმი: მარადიულნი" ჩვენებას დაესწრო.
"ფილმის ჩვენება ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
შავი ზღვა ყოველთვის იყო ცივილიზაციებისა და კულტურების შეხვედრის ადგილი. ბერდია კუტუბიძის დოკუმენტური ფილმი ქართული კულტურისა და ისტორიის საინტერესო ეპიზოდებს აცოცხლებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ნამუშევარზე იმუშავა ადამიანმა, რომელიც გემოვნებითა და ხედვით გამოირჩევა.
ფილმი ქართული ავანგარდის გამორჩეული წარმომადგენლის, ილია ზდანევიჩის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ასახავს და მაყურებელს XX საუკუნის კულტურული და სახელოვნებო პროცესების უნიკალურ ისტორიას აცნობს.
კინოჩვენება ფესტივალის მრავალფეროვანი კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც კლასიკურ მუსიკასთან ერთად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას ემსახურება.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით იმართება.
ჩვენებას აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და კინომოყვარულები ესწრებოდნენ,"- წერს ცოტნე ანანიძე.
