ელისო ბოლქვაძე: დღეს, ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის ბოლო საზეიმო აკორდი დავსვით, ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი დღე - ეს არის ერთადერთი ღონისძიება, რომელიც იუნესკოს პატრონაჟით მიმდინარეობს. რიგით მეთოთხმეტე კულტურული ღონისძიების პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო.
ფესტივალის შესახებ, აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც თავისი საავტორო ნიშა გააჩნია.
მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ:
"ეს იყო ძალიან ამაღელვებელი საღამო - "არსიანის" იუბილე. იყო ფეიერვერკი, ჩვენი ფოლკლორის, კულტურის, მუსიკის მრავალფეროვნება, საოცარი განახლებული დადგმები. მინდა მივულოცო ანსამბლს ეს არაჩვეულებრივი გამოსვლა, რომელიც მაყურებელს დაამახსოვრდება. ასევე ჩვენ, საზღვარგარეთიდან გვყავდა სტუმრები, რომლებიც აღფრთოვანდნენ. ვფიქრობ, რომ დღეს ბათუმის შავი ზღვის ფესტივალის ბოლო საზეიმო აკორდი დავსვით.
ამინდის მიუხედავად, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა ფესტივალზე. იყო ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი, უბედური დღეები, როდესაც ჩვენ ვგლოვობდით - შესაბამისად, რა თქმა უნდა, საფესტივალო განწყობა არ იყო ისეთი, როგორიც არის ხოლმე, მაგრამ ფესტივალი შედგა. სამი დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა ღონისძიება გაიმართა, დღის განმავლობაში იყო რამდენიმე ღონისძიება და რაც მთავარია, მივაღწიეთ იმას, რომ მსმენელს ძალიან უყვარს ბათუმის შავი ზღვის ფესტივალი - უამრავი ადამიანი მოვიდა, დაგვაფასეს, მოგვისმინეს, გვიყურეს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ფესტივალი UNESCO-ს პატრონაჟის ქვეშ მიმდინარეობს. ეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც თავისი საავტორო ნიშა გააჩნია. ფესტივალის განვითარება დამოკიდებულია პროგრამაზე და ასევე, ამ პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებაზე, რაც არის ახალგაზრდები და მათი განვითარება. ეს არის საერთაშორისო, ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მასტერკლასების შესაძლებლობების და მათი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლის. რა თქმა უნდა, არის კულტურული დიპლომატიაც - აქ მოცულია სხვადასხვა მიმართულება, წელს გვყავდა არაჩვეულებრივი იაპონელი პიანისტი. ეს ყველაფერი, რეგიონისა და ქვეყნის სახელის განვითარებას ემსახურება, რათა ყოველთვის იბრწყინოს საქართველომ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
