„ქედობა 2026“ 28 ნოემბერს გაიმართება - რა სიახლეები ელით სტუმრებს ქედაში?
ქედის მუნიციპალიტეტი აგროტურისტულ ფესტივალს, „ქედობა 2026“-ს, უმასპინძლებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, ადგილობრივი პროდუქცია, კულინარიული მასტერკლასები და გასართობი აქტივობები. რას შესთავაზებს სტუმრებს წლევანდელი ფესტივალი - ამ და სხვა თემაზე გადაცემაში „შეხვედრის დრო“ ქედის ტურიზმის განვითარების მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა, რაულ ცინცაძემ, ისაუბრა.
მან ფესტივალის მნიშვნელობასა და პროგრამაზე ისაუბრა:
„მინდა, ყველა მოგიწვიოთ 28 ნოემბერს ქედაში, ფესტივალზე „ქედობა 2026“. წელს სტუმრებს არაერთი სიახლე ელოდებათ.
ღონისძიება დილის 10 საათზე ქედის ისტორიულ ხიდთან დაიწყება. სტუმრებს მრავალჟამიერით დავხვდებით, შემდეგ კი ქართული სუფრა გაიმართება. ვაცოცხლებთ ძველ ტრადიციას, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა სტუმრებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებოდა. სტუმრებს ექნებათ ფაეტონით გასეირნებისა და ქედის ცენტრის დათვალიერების შესაძლებლობა. ფაეტონს თან გაჰყვება დოლი, გარმონი, ჭიბონი და არღანი. გვინდა, გავაცოცხლოთ ჩვენი წინაპრების ტრადიციები.
პირველი საათიდან დაიწყება ფესტივალის ოფიციალური ნაწილი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. გაიმართება დაჯილდოების ცერემონიაც. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქედის მუნიციპალიტეტის ათივე თემი. მოეწყობა კულინარიული მასტერკლასები, ღვინის დაწურვისა და ჩურჩხელის დამზადების ჩვენება. მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები და მწარმოებლები. გაიმართება ჭიდაობა და სპორტული აქტივობები, გამარჯვებულს კი ტრადიციული ჯილდო - ყოჩი გადაეცემა.
განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებზეა გამახვილებული - მათთვის არაერთი გასართობი აქტივობა მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე დასწრება და ყველა აქტივობაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.
ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა. ფესტივალი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას გააცნონ. ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების წარმოებაც. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ადგილობრივი ადამიანების წარმატებული საქმიანობა“, - განმარტა რაულ ცინცაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარია, ახალგაზრდები ხედავენ შესაძლებლობებს მშობლიურ მუნიციპალიტეტში:
„რაც შეეხება ახალგაზრდების დაბრუნებას, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად ხედავენ შესაძლებლობებს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, იწყებენ საკუთარ ბიზნესს და ავითარებენ ადგილობრივ წარმოებას. ტურიზმის განვითარება ამ პროცესს კიდევ უფრო უწყობს ხელს.
ქედის მთავარი უპირატესობა ბათუმთან სიახლოვეა. ვიზიტორს დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, რომ ქედაში ჩამოვიდეს, მოინახულოს მარნები, დაათვალიეროს ჩანჩქერები, გაეცნოს ადგილობრივ ფოლკლორსა და კულტურას, გაისეირნოს და იმავე დღეს დაბრუნდეს ბათუმში. ეს არის ქედის მთავარი ნიშა - ქალაქთან სიახლოვე.
ამას ემატება ადგილობრივი კულინარია, ტრადიციები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქედელი კაცის სტუმართმოყვარე ხასიათი - პირზე აკერია სიტყვა „მობრძანდი“, რომელიც აქ ჩამოსულ სტუმარს აუცილებლად დახვდება. ტურიზმი ჩვენთვის ახალი არ არის. ქართველ კაცს სტუმრის მიღებისა და მასპინძლობის კულტურა ყოველთვის ჰქონდა. უბრალოდ, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის ცალკეული დარგი, თანამედროვე ეპოქაში უფრო ორგანიზებულად განვითარდა“, - აღნიშნა რაულ ცინცაძემ.