შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და მათ მოგვარებაზე მუშაობის მზაობა დაადასტურეს.
„ამ კუთხით, ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას.
საუბარი აგრეთვე შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს. დადებითად გავიხსენე წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დავადასტურე.
შეხვედრაზე ასევე შევეხეთ ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხებს“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
