,, ოპერატორი იგვიანებდა. ამიტომ ვაკვირდებოდი ამ ქალს” – რას წერს ვიკა ბუკია?
ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,გუშინწინ გარემოვაჭრე ქალი ჩავწერე. როგორც წესი, გარეთ ქუჩაში მყოფმა მოვაჭრეებმა ყველაზე კარგად იციან რა მავნებლობა მოაქვს ივანიშვილს: ზოგი დასცინის, ზოგს თვითირონია აქვს, ზოგი წყევლის, ზოგი ლანძღავს. მაგრამ მე რომ ჩავწერე ის ქალი სხვებს არ გავდა.
მეტრო სამგორთან ყიდის მწვანილს. იქ, სადაც ხალხი ერთმანეთს დინებასავით აწყდება და ამ ქალთან არ ჩერდება. გარდა იმისა, რომ მოუხერხებელი ადგილია (ანუ არამარკეტინგული), იქვეა წყეული ბაზარი, მის მუშტარს რომ გულის გასახეთქად ისრუტავს მწვანილით სავსე დახლებისკენ.
ოპერატორი იგვიანებდა. ამიტომ ვაკვირდებოდი ამ ქალს. ერთი ადამიანის სამიზნეში ამოღებას და მისი თვალიერებას რა ჯობია. ქინძს პარკში ფრთხილად აწყობს, თითქოს მწვანილს კი არა, ზამთრისგან გადარჩენილ რაღაც პატარა სიცოცხლეს გატანს. მერე ისევ კორპუსის კედელს ეყუდება და ელოდება. თვალები ასეთ დროს ცაში აქვს აპყრობილი, ელოდება იმ მუშტარს, ვისაც ბაზარში შესვლა დაეზარება და მწვანილს მასთან იყიდის. ან ბაზრიდან გამოსულ იმ გულმავიწყს, რომელსაც გაახსენდება, რომ ნიახური არ უყიდია და მასთან იყიდის. ან უარესი “მერიის ხალხს”, რომელთაც როდის მოეპრიანებათ ხოლმე უკანონო დახლების დაშლა – ძნელი გამოსაცნობია.
მოვიდა ჩემი ოპერატორი. მიკროფონი მივუშვირე და ვკითხე უკვე ჩემს ნაცნობს – თქვენთვის მთავარი რა არის-მეთქი?
ჩემთვის მთავარია ცოცხალი ვიყოო – მიპასუხა გარემოვაჭრე ქალმა. აი, აქ მშვიდად ვიჯდე და ომი არ იყოსო.
შემეცოდა ეს ქალიც და ჩემი თავიც. ცოცხალ ქალს უთხრეს – ცოცხალი იქნებიო. არ შეპირდნენ უკეთეს ცხოვრებას, სამსახურს, სითბოს, იმას, რომ გაყინული ხელებით აღარ მოუწევდა ქუჩაში დგომა. უთხრეს არ მოკვდებიო. წარმოიდგინეთ, გაჭირვებულ ადამიანს უთხრეს მადლიერი იყავი, უარესისგან გიცავთო. სიკვდილის შიში მომავლის ერთადერთ გეგმად უქციეს – თუ ჩვენ არ აგვირჩევ, ომი იქნებაო.
წარმოიდგინეთ, რა მოხერხებული დაპირებაა ივანიშვილისთვის: არც სამსახურის შექმნა სჭირდება, არც სიღარიბის შემცირება. არაფრის გაკეთება არ უწევს. მხოლოდ ყიდის საკუთარ უმოქმედობას მშვიდობის დაპირებად.
დიდხანს და მშვიდად იდგებით ქუჩაში და მწვანილს გაყიდითო. მერიის სამსახური თქვენს დახლს კიდევ ბევრჯერ ააწიოკებსო, ისევ შეგცივდებათო, ისევ დაელოდებით მყიდველსო, ისევ იწვალებთ პურის ფულის საშოვნელადო და ასე, სიცოცხლის ბოლომდე.
ესაა დაპირება: არა უკეთესი ცხოვრება, არამედ გაჭირვების უსასრულოდ გაგრძელება, რომელსაც მშვიდობა დაარქვეს”
