"რაც ჩვენ იმ დღეს გადავიტანეთ, ალბათ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება იმის გასააზრებლად და ემოციურად გადასამუშავებლად" - რა მოხდა ქუთაისი-ბერლინის რეისზე
სოციალურ ქსელში, ნანა ბუკი, წერს:
ჩემო ძვირფასებო, იმდენი შეტყობინება მომდის პირადში, რომ ჯერ კიდევ არ მაქვს იმის ძალა, თითოეულ თქვენგანს ინდივიდუალურად ვუპასუხო. დიახ, მეც იმ თვითმფრინავში ვიჯექი, რომელიც 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მიფრინავდა. რაც ჩვენ იმ დღეს გადავიტანეთ, ალბათ თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება იმის გასააზრებლად და ემოციურად გადასამუშავებლად. ქუთაისიდან აფრენის პროცესი თავიდანვე საკმაოდ რთული იყო. ძლიერი ქარისა და ტურბულენტობის ფონზე ერთ-ერთი ქალბატონი ძალიან ცუდად გახდა. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც შედარებით მშვიდად ვაგრძელებდით ფრენას, პილოტმა გამოაცხადა, რომ უკან ვბრუნდებოდით. არ ვიცი, ვის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კვლავ იმ მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში დავბრუნებულიყავით, საიდანაც უკვე გამოსული ვიყავით. თუმცა ის, რაც უკან დაბრუნებისას და ქუთაისში დაშვების მცდელობის დროს გადავიტანეთ, მართლაც ენით აღუწერელი იყო. იყო ტირილი, შიშით გამოწვეული შეძახილები და უმწეობის განცდა. იმ წუთებში თითოეული ჩვენგანი საკუთარ სიცოცხლესა და საყვარელ ადამიანებზე ფიქრობდა. საბედნიეროდ, პილოტმა ქუთაისში დაშვების შეუძლებლობის შემდეგ თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება თბილისში შეძლო. თბილისიდან კვლავ ქუთაისში მოგვიწია დაბრუნება და მხოლოდ მეორე დღეს, დაგვიანებით, როგორც იქნა, ბერლინში ჩამოვედით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბორტგამცილებლებს, რომლებმაც ამ უმძიმეს წუთებში პროფესიონალიზმი და საოცარი სიმშვიდე გამოიჩინეს. ისინი თავადაც იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ცდილობდნენ, თითოეული ჩვენგანისთვის სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა შეენარჩუნებინათ. მადლობა პილოტს, რომელმაც ასეთ რთულ პირობებში ჩვენი უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. მადლობა უფალს, რომ დღეს ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან ვარ. ალბათ არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც ბერლინში დაშვების შემდეგ გავაცნობიერე, რომ სახლში მშვიდობიანად დავბრუნდი. ჯერ კიდევ მჭირდება დრო იმის გადასამუშავებლად, რაც იმ დღეს განვიცადე. ასეთი წუთები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და რამდენად დიდი ბედნიერებაა საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება. მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თითოეული შეტყობინებისთვის, ყურადღებისთვის, სითბოსა და გულშემატკივრობისთვის. მიყვარხართ და ღმერთმა ყველა მშვიდობით გამყოფოთ!.
