"შემრცხვა, რა საშინელება იყო... ასე დალაპარაკებას როგორ გაუბედავდა ძლევამოსილი ანდროპოვი ალექსი ინაურს!" - ლევან ლორთქიფანიძე
მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე:
“ბეშიქთაში” – “ჰაპოელის” მატჩმა ქართული სახელმწიფოს უამრავი ჩავარდნა წარმოაჩინა! კიდევ ერთხელ დავინახეთ “ქართული ოცნების” მიერ მართული აპარატის უსუსურობა და დისფუნქციურობა. 1. გამორჩეული უპასუხისმგებლობა და არაკომპეტენტურობა იყო მატჩის ბათუმში ჩანიშნვნა. გულშემატკივრობის აგრესიული კულტურა; ისრაელ-თურქეთის გართულებული ურთიერთობები, არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციოკულტურულ დონეზეც… ამ გარემოებებზე ვინმე ხომ უნდა დაფიქრებულიყო? ვიღაცას ხომ უნდა აეწონ-დაეწონა მატჩის გამართვის შედეგად მოსალოდნელი სიკეთეები და საფრთხეები? არავის ერთი უჯრედიც არ გაუტოკებია! 2. მატჩი საქართველოში, ნეიტრალურ მოედანზე მხოლოდ იმიტომ გაიმართა, რომ ტრიბუნებზე ესკალაციის საფეთხე არსებობდა. ისრაელის და თურქეთის პოლიცია ვერ იღებს ხოლმე საკუთარ თავზე ასეთი მატჩების დროს სიმშვიდის უზრუნველყოფის ვალდებულებას. ჩვენ რომ დავთანხმდით თამაშის ბათუმში გადმოტანას, რაიმე დამატებითი ზომები მივიღეთ? ჩვენი პოლიციელები მოვამზადეთ ასეთი სცენარისთვის? სანამ გავეშებულ ბრბოსთან მივუშვებდით, რამე ავუხსენით? 3. საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის ბათუმის სტადიონზე გამოჩენილ პალესტინის დროშას წითელი ნაჭრის ფუნქცია ჰქონია. ახლა თავიანთ ქმედებებს უეფას პროტოკოლს აბრალებენ… სამაგიეროდ, არავის უფიქრია წინასწარ, რომ ნაციონალისტურ ნიადაგზე გადანაცვლებული “ბეშიქთაშის” გულშემატკივრები “რუხი მგლების” (თურქი ულტრასები) ნიშნებითა და ლოზუნგებით გამოცხადდებოდნენ სტადიონზე, ბათუმს 82-ე პროვინციად მოიხსენიებდნენ… ამ შეურაცხყოფისა და დამცირების წინააღმდეგ რა გააკეთა პოლიციამ? თუ პალესტინის დროშაზე არსებობს რეგულაციები, “რუხი მგლების” ფაშიზმზე არ უნდა გვქონდეს დირექტივები? ამ შეურაცხყოფის დასაგმობად, როგორ იმოქმედა “ქართულმა ოცნებამ”? პალესტინის დროშა ყოფილა პრობლემა! “რუხი მგლები” არა! ეგ ალამი კიდევ ბევრჯერ აფრიალდება გენოციდის დასაგმობად, რომელსაც ღაზას სექტორში აწარმოებენ საერთაშორისო დამნაშავეები. 4. გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ხმა პირველად გავიგონე, როგორც დაქვემდებარებული პირი, როგორც მიყრუებული პროვინციის ჟანდარმერიის მუშაკი ანგარიშს რომ აბარებდა თურქ კოლეგას. ამის შემდეგ როგორ ლაპარაკობთ სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე… შემრცხვა, რა საშინელება იყო… ასე დალაპარაკებას როგორ გაუბედავდა ძლევამოსილი ანდროპოვი ალექსი ინაურს! თან მარტო თურქეთის შს მინისტრი კი არ ასხამს თავზე ლაფს “ქართული ოცნების” აპარატჩიკებს. თურქეთში ვისაც არ დაეზარა ყველამ ათრია “ქართული ოცნება”… ესენი კი, ალბათ, შიშით კედლებს ურტყამენ თავს. 5. თუ ზურგს ერდოღანი, თურქეთის სახელმწიფო გიმაგრებს, შეგიძლია პოლიციას ქვები ესროლო, ყურს აგიწევენ და გაგიშვებენ შენს ქვეყანაში. თუ ძლევამოსილი მფარველი არ გყავს და პატიოსანი ჟურნალისტი ხარ, პოლიცმაისტერისთვის გაწნული სილის გამო შეიძლება გაგსრისონ. “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი”, სუსტთან სასტიკი, ძლიერთან მტვერწაყრილი – ეს არის “ქართული ოცნების” სტანდარტი.
6. თურქეთი ხომ გადავიკიდეთ, ისრაელიც თავისას მოითხოვს, ისინიც მიაწვებიან “ქართულ ოცნებას”, შალვა პაპუაშვილი კი, ალბათ, კვლავ ბრიუსელში გაიქცევა “ძაღლის თავის” მოსაძებნად. სახელმწიფოს უკანასკნელ ნიშნებსაც გვართმევენ ეს უნიჭო “აპარატჩიკები” და თავისუფალი ნების არმქონე კლერკები.
ცნობისთვის, თურქულმა მხარემ გამოაქვეყნა საქართველოს და თურქეთის შს მინისტრების საუბრის ამსახველი ვიდეო.
