ტვინი გადაგეღალათ და წინ კიდევ უამრავი საქმე გაქვთ? - 5 მარტივი ნაბიჯი გონების დასასვენებლად
ხშირად გიჭირთ სამუშაო დღის ბოლოს საქმეებისგან გონების გათიშვა? შესაძლოა, თქვენ “ზაიგარნიკის ეფექტით“ ხართ შეპყრობილი. დაუსრულებელი საქმეები ჩვენს ტვინს ტვირთავს და ყურადღების კონცენტრაციას აქვეითებს.
გთავაზობთ 5 მარტივ ნაბიჯს გონების დასასვენებლად.
რა არის “ზაიგარნიკის ეფექტი“?
კომპიუტერის ეკრანზე ათეულობით გახსნილი ჩანართი ხშირად სწორედ დაუსრულებელ საქმეებს უკავშირდება, რომლებიც ჩვენს ტვინს ტვირთავს და ფოკუსირებას ხელს უშლის. მეცნიერთა თქმით, დაუსრულებელი ამოცანებისგან გამოწვეული გონებრივი გადაღლის შემცირება სრულიად შესაძლებელია, თუ ამისთვის ცნობიერ ნაბიჯებს გადავდგამთ. იდეა, რომ დაუსრულებელი საქმეები ჩვენს მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თითქმის 100 წლისაა. 1927 წელს რუსმა ფსიქოლოგმა ბლუმა ზაიგარნიკმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანებს უკეთ ახსოვთ ის ამოცანები, რომელთა შესრულებისას ხელი შეეშალათ, ვიდრე ისინია, რომელთა დასრულების უფლებაც მიეცათ.
ზაიგარნიკის ექსპერიმენტების შთაგონება გახდა მისი ხელმძღვანელის, კურტ ლევინის დაკვირვება რესტორნის ოფიციანტებზე. მან შეამჩნია, რომ ოფიციანტებს დიდ შეკვეთები მანამ ახსოვდათ, სანამ მათ საფასურს გადაიხდიდნენ, რის შემდეგაც შეკვეთა მყისიერად ავიწყდებოდათ. ფსიქოლოგები ამ მოვლენას დღესაც “ზაიგარნიკის ეფექტს“ უწოდებენ.
1. დასახეთ დროზე დაფუძნებული მიზნები
კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც საქმეები დაუსრულებელი რჩება, თანამშრომლებს უჭირთ გონების გათიშვა. თუმცა, თუ ისინი გრძნობენ პროგრესს, კომპეტენციისა და კონტროლის განცდა უმჯობესდება, ხოლო სტრესი მცირდება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საქმე აუცილებლად უნდა დავასრულოთ - ამის ნაცვლად, შესაძლებელია მკაფიო გეგმის შექმნა იმის შესახებ, თუ როგორ დავასრულებთ გასაკეთებელ საქმეთა სიას. როდესაც ადამიანები პროაქტიულად გეგმავენ, სახავენ მიზნებს და წინასწარ ითვალისწინებენ დაბრკოლებებს, მათთვის გაცილებით ადვილი ხდება ფიქრების გაშვება. .
2. გათიშეთ შეტყობინებები
ტელეფონის აპლიკაციებმა შესაძლოა გააჩინოს ცდუნება, რომ ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ვიყოთ. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის კოგნიტური მეცნიერების ასისტენტ-პროფესორი ჯოან ონგჩოკო აღნიშნავს, რომ თავისუფალ დროსაც კი ჩვენი ტვინი შესაძლოა პრობლემების გადაჭრაზე იყოს ფოკუსირებული. ელფოსტის ხშირი შემოწმება ზრდის სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის კონფლიქტს, რადგან ეს ჩვევა სამუშაოს სამუშაო საათების მიღმაც ავრცელებს.
სტრესის შემცირების მარტივი გზა ელფოსტის შემოწმების სიხშირის შემცირებაა.
3. მოერიდეთ პროექტების ერთმანეთზე გადაფარვას
კომპიუტერში უამრავი გახსნილი ჩანართი ხელს უწყობს “ინფორმაციულ გადატვირთვას“. ამოცანებს შორის გადართვა ჩვენს ტვინს მნიშვნელოვან კოგნიტურ ტვირთს აკისრებს.
სადაც შესაძლებელია, სასარგებლოა ერთი ამოცანის დასრულება მეორეზე გადასვლამდე, რათა შევამციროთ სამუშაო მეხსიერების დატვირთვა.
4. დაგეგმეთ შვებულება
კვლევამ აჩვენა, რომ დღესასწაულებისა და შვებულების წინ ნაკლები დაუსრულებელი საქმის მქონე ადამიანებს სამუშაოზე დაბრუნებისას უკეთესი განქყობა აქვთ.
პროფესორი ზირეკი გვირჩევს, რომ შვებულებამდე აუცილებელი არ არის ყველაფრის დასრულება - ამის ნაცვლად, დატოვეთ სამუშაო ისეთ მდგომარეობაში, რომ იცოდეთ, მასზე დაბრუნება მარტივად შეგეძლებათ.
5. “კარის ზღურბლის ეფექტი“: შექმენით გარდამავალი რიტუალები
გრონინგენის უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ოლივერ ვაიგელტი აღნიშნავს, რომ “გარდამავალი რიტუალები“ ეხმარება ტვინს სამუშაოზე ფიქრების გაშვებაში.
ერთ-ერთი მაგალითია ფიზიკური გარემოს შეცვლა, რაც ტვინს აძლევს სიგნალს, რომ ამოცანა დასრულდა. სახლიდან მუშაობისას ეს შეიძლება იყოს სეირნობა ახლომდებარე პარკში ან თუნდაც სხვა ოთახში გადასვლა.
ნოუთბუქის სხვა ოთახში გადატანაც კი გვეხმარება ფსიქოლოგიური დისტანციის შექმნაში იმ სტრესული ამოცანებისგან, რომლებიც სხვა შემთხვევაში მოსვენებას არ მოგვცემდნენ.