დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მილიონამდე აბონენტი, გადადებული ავიარეისები - ძლიერი შტორმი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (ფოტო)
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. გადაუღებელმა წვიმამ, ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ რამდენიმე შტატში სერიოზული პრობლემები გამოიწვია. სტიქიამ განსაკუთრებით ნიუ-იორკი დააზარალა, სადაც მადლიერების დღეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ნალექის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში 1.82 ინჩი (დაახლოებით 46 მმ) ნალექი მოვიდა. ეს 2006 წლის შემდეგ მადლიერების დღეს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეტიც, 1870 წლიდან წარმოებული დაკვირვებების მიხედვით, ცენტრალურ პარკში ამ დღეს ასეთი რაოდენობის წვიმა არასდროს მოსულა.
წვიმას ძლიერი ქარიც ახლდა თან. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე საათში 65 მილს (დაახლოებით 105 კმ/სთ) აღწევდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოჩულმა ოთხშაბათს ღამით მეტროპოლიტენის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობას გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

შტორმმა აღმოსავლეთ სანაპიროზე ელექტროენერგია გაითიშა - ხუთშაბათს ღამით ელექტროენერგიის გარეშე 900 000-ზე მეტი სახლი და ბიზნესი დარჩა. ყველაზე რთული მდგომარეობა პენსილვანიაში შეიქმნა, სადაც ელექტროენერგია 200 000-ზე მეტ მომხმარებელს გაეთიშა. ნიუ-ჯერსიში ეს მაჩვენებელი 176 000-ს, მერილენდში კი 140 000-ს აჭარბებდა. ნიუ-იორკის შტატში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 72 000 მომხმარებელს შეუწყდა.


სტიქიამ არაერთი დასახლება დატბორა და გზებზე გადაადგილება გაართულა. წყალდიდობა ჩრდილოეთ კაროლინიდან ნიუ-ჯერსიმდე გავრცელდა. რამდენიმე გზაზე მოძრაობა შეიზღუდა, სამაშველო სამსახურებს კი დატბორილ ავტომობილებში ჩარჩენილი ადამიანების დახმარება მოუწიათ.

უამინდობამ მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია საჰაერო მიმოსვლაშიც. FlightAware-ის მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-ში და აშშ-დან 2 200-ზე მეტი რეისი გადაიდო, 400-ზე მეტი კი გაუქმდა.
შტორმის გამო შეიცვალა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადღესასწაულო ღონისძიების თარიღიც. Macy’s-ის ტრადიციული მადლიერების დღის აღლუმი შაბათისთვის გადაიდო.