
12-ჯერ ჩაშლილი ტენდერის შემდეგ, თბილისის ბაღებისთვის ხორცს გამარტივებული შესყიდვით შეიძენენ
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 1.7 მილიონი ლარის საქონლის ხორცის გამარტივებული წესით შესყიდვის ნებართვას ითხოვს. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ცენტრალიზებული კონსოლიდირებული ტენდერი ზედიზედ 12-ჯერ ჩაიშალა.
სააგენტოს დირექტორის ოფიციალური წერილის თანახმად, დედაქალაქის 192 ბაღის აღსაზრდელებისთვის საქონლის ხორცის შესასყიდად ტენდერი 2026 წლის 19 მაისიდან დღემდე 12-ჯერ გამოცხადდა, თუმცა არცერთი მათგანი არ შედგა.
15 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ბაღებმა საქონლის ხორცის 1 თვის მარაგი მონეტარული ზღვრების ფარგლებში გამარტივებულად უკვე შეიძინეს. თუმცა, ვინაიდან ტენდერი კვლავ არ არის შემდგარი, სტანდარტული სატენდერო პროცედურების ხელახლა ლოდინი ბაღებში ბავშვთა კვების რაციონის დარღვევას გამოიწვევს.
სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით მკაცრად არის განსაზღვრული ბავშვის დღიური კალორაჟი (1 292 კალორია) და საქონლის ხორცის დღიური ნორმა (44 გრამი). პროდუქტის მიწოდების შეფერხება შექმნის ცილოვანი პროდუქტის დეფიციტს, რაც პირდაპირ იმოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობასა და ფიზიკურ განვითარებაზე.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააგენტო ითხოვს ნებართვას, შესყიდვა განხორციელდეს ერთობლივი გამარტივებული წესით. ჩატარებული ბაზრის კვლევის საფუძველზე, ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ კომპანიასთან შპს „მითარეასთან". კვლევაში ასევე მონაწილეობდა შპს „საბა“, რომლის შეთავაზებაც 1 963 348,20 ლარს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge