
150 ათას კვ.მ-მდე ახალი საოფისე ფართი მშენებლობის პროცესშია - Colliers-ის მიმოხილვა
Colliers-ის საოფისე უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 150,000 კვ.მ-მდე ახალი საოფისე ფართი მშენებლობის პროცესშია, რაც ბაზრის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
რაც შეეხება მოთხოვნას, 2025 წლის მიმოხილვის თანახმად, დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება თანამედროვე ბიზნეს ცენტრს სრულად დატვირთვას.
Colliers-ის ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:
მიწოდება
თბილისში ამჟამად 52 თანამედროვე ბიზნეს ცენტრი ოპერირებს, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 300 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. A და B კლასის საოფისე ფართები ბაზრის დაახლოებით 70%-ს შეადგენს. A კლასის ჯამური მიწოდება 74 ათას კვ.მ შეადგენს, ხოლო B კლასის - 129 ათას კვ.მ. პარალელურად, 150,000 კვ.მ-მდე ახალი საოფისე ფართი მშენებლობის პროცესშია, რაც ბაზრის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. სამომავლო მიწოდების ძირითადი წილი საბურთალოზე მოდის, თუმცა შეინიშნება გარეუბნების ჭრილში დეველოპინგი (დიდი დიღომი, სამგორი და ნაძალადევი).
მოთხოვნა
მოთხოვნის ძირითადი ნაწილი მოდის ფინანსურ, სადაზღვევო და საინვესტიციო სექტორებზე (25%). ასევე აქტიურია პროფესიული სერვისები, IT, მედია და კომუნიკაციების კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებული ტენდენციების მიხედვით დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება თანამედროვე ბიზნეს ცენტრს სრულად დატვირთვას.
იჯარა
2025 წლის მონაცემებით, საშუალო საიჯარო განაკვეთი თანამედროვე ბიზნეს ცენტრებში შეადგენს 18 აშშ დოლარს (დღგ-სა და მომსახურების საკომისიოს გარეშე), რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.5%-ით აღემატება. რაც შეეხება შესათავაზებელ ფასებს კლასების მიხედვით, A კლასის საოფისე ფართების შესათავაზებელი საიჯარო განაკვეთი 28-32 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს კვადრატულ მეტრზე, ხოლო B კლასში აღნიშნული მაჩვენებელი 18-25 აშშ დოლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ფასები წინა წელთან მიმართებაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა A კლასში ხუთწლიან პერიოდში საიჯარო განაკვეთი დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა.
ვაკანტურობა
რაც შეეხება ვაკანტურობას, ბაზრის საშუალო მაჩვენებელი 10.7%-ს უტოლდება, რაც წინა წელთან შედარებით უმნიშვნელო ზრდაა. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია ახალი ბიზნეს ცენტრების დამატებით.
BM.GE
წყარო: bm.ge