
2 თვეში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როცა 29%-ით უნდა გაზრდილიყო - "ვისოლი" მიზეზებს განმარტავს
„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს, რომ მათი გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები იმაზე ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე შეიძლება გაძვირებულიყო. ამის შესახებ მან ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
„ბენზინის ფასის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო. ჩვენს ქსელში ამ ორი თვის განმავლობაში ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, როდესაც რიცხვებით გამოხატული ზრდა 29%-მდე უნდა ყოფილიყო, იმის გათვალისწინების, რა ნიშნულითაც მოხდა „პლატსზე“ ფასის ზრდა. პირველი მარტის შემდეგ დიზელზე ფასი 33%-ით გაიზარდა, როცა 42%-ით უნდა გაზრდილიყო“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.
საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ნავთობიმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელმა ფასების ასეთი კორექტირება 2 ფაქტორით ახსნა - ქვეყანაში დარგში არსებული მაღალი კონკურენციით და კომპანიებში საწვავის არსებული მარაგებით.
"საქართველოში ნავთობპროდუქტების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მაღალ კონკურენტუნარიანია და ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს ჩართულობას, რომ ბაზარზე თითოეულ სუბიექტს, როგორც დიდ, ასევე პატარას თავისუფალი ოპერირების საშუალება აქვს - ამას არაერთხელ ადასტურებს კონკურენციის სააგენტოს მიღებული დასკვნა და ის სიკეთე და შედეგი, რასაც თუნდაც ამ ბოლო 2 თვეში ჩვენი მომხმარებელი იღებს. ამას რიცხვებით დავადასტურებ.
როგორც აღვნიშნე, ბენზინის ფასი 15%-ით გაიზარდა, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასი 54%-ით გაიზარდა, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე ფასის ზრდა ქსელში ფასის ზრდას არ ნიშნავს, იმიტომ რომ “პლატსი“ ფასის ფორმირებაში ერთ-ერთი ნიშნულია და სხვა კომპონენტები ისე არ გაზრდილა. 15%-იანი ფასების ზრდის ნიშნულ ორი ფაქტორი განაპირობებს - პირველი ეს არის, ქვეყანაში არსებული ნაშთები, რადგან თითოეულ კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიას ჰქონდა ნაშთები, რომელიც ყოველდღიურად მცირდება და ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ ახალ იმპორტირებულ პროდუქტზე გადავდივართ, რაც იმის განმაპირობებელია, რომ ფასები იზრდება. [საერთაშორისო] ბაზარზე ისეთი შოკიც ყოფილა, როდესაც საწვავის ფასი ძალიან გაზრდილა და შემდეგ შემცირებულა, მაგრამ ისე მომხდარა, რომ ჩვენს მომხმარებელს ეს არ უგრძნია ჩვენი არსებული მარაგების ხარჯზე. დღეს, ჩვენ ვხედავთ პრობლემას, რომელიც 2 თვეს ითვლის და შეუძლებელია გქონდეს მარაგები, რომლებიც მოგცემს საშუალებას ფასის ერთი ნიშნული 2 თვეზე მეტხანს შეინარჩუნო.