
200-მეგავატიანი ელექტროდამაგროვებლის მშენებლობის საზედამხედველო ტენდერი გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული "სახელმწიფო ელექტროსისტემა" აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოყოფილი 104 მილიონი დოლარის ღირებულების კრედიტით ქვეყანაში პირველ მსხვილმასშტაბიან ენერგოდამაგროვებელ სადგურს (ელექტრობატარეას) აშენებს, რომლის მოცულობაც 200 მეგავატ საათი იქნება.
პროექტზე 2026 წლის 6 ივლისს გამოცხადდა ტენდერი სამშენებლო ზედამხედველისა და კონსულტანტი კომპანიის შესარჩევად. ტენდერში წინადადებების მიღება თავდაპირველად 2-7 აგვისტოს პერიოდში იყო განსაზღვრული, თუმცა სსე-მ ტენდერის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რაც 25 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის თანახმად, პროექტზე ძირითადი კონტრაქტორის - ბატარეების მიმწოდებლის და საინჟინრო კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე ორჯერ იყო გამოცხადებული და ის 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა გამარჯვებული გამოვლენილი არაა. უცნობია წარადგინეს თუ არა კომპანიებმა საკუთარი შეთავაზებები.
ეს წარმოადგენს 200 მეგავატ საათის სიმძლავრის ელექტრობატარეას, რომელში არსებულ ენერგიასაც ქვეყანა პიკური მოხმარების დროს გამოიყენებს, ხოლო მასში ენერგიის დაგროვება მოხდება შედარებითი სიჭარბის პერიოდში.
200 მეგავატ საათის ტევადობის ელექტრობატარეა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ქსანი 500"-ის მიმდებარედ განთავსდება და ის ძირითადად ავარიული თუ პიკური დატვირთვის დროს თბილისის უწყვეტ ელექტრომომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი.
პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები ამგვარად არის მთავრობის მიერ პროგნოზირებული:
"განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გენერაციის დაბალანსება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მათი ინტეგრაციის ლიმიტების მნიშვნელოვანი ზრდა;
ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ამაღლებული ენერგოდამოუკიდებლობის დონე, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების რეზერვების გაზრდილი მოცულობა და მოქნილობა;
თბილისის მიმდებარე რეგიონებისა და საქართველოს ეკონომიკისათვის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების მოხმარების შეზღუდვის (გათიშვის) რისკის დაზღვევა ისეთ კრიტიკულ შემთხვევებში, როგორიცაა თბოელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდების შეფერხება და დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
BM.GE
წყარო: bm.ge