მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2024 წელს, ENKA-სთვის გადასახდელი იყო $383 მლნ, დღეს - $443 მლნ|იურისტი განმარტავს, რატომაა წამგებიანი დავის გაწელვა
2024 წელს, ENKA-სთვის გადასახდელი იყო $383 მლნ, დღეს - $443 მლნ|იურისტი განმარტავს, რატომაა წამგებიანი დავის გაწელვა

2024 წელს, ENKA-სთვის გადასახდელი იყო $383 მლნ, დღეს - $443 მლნ|იურისტი განმარტავს, რატომაა წამგებიანი დავის გაწელვა

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 14:44|bm.ge

საერთაშორისო საარბიტრაჟო დავები, მილიარდიანი ფისკალური რისკები, გაჭიანურებული პროცესები და ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაცია - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზედაც BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” იურიდიული კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" (J&T Consulting) პარტნიორმა ოთარ მაჩაიძემ ვრცლად ისაუბრა.

ინტერვიუში მან დეტალურად გააანალიზა ცნობილი ქეისი “ENKA საქართველოს წინააღმდეგ”, სახელმწიფოს სტრატეგიული შეცდომები და ის მძიმე ტვირთი, რაც საინვესტიციო დავების გამო საქართველოს ბიუჯეტსა და გადასახადის გადამხდელებს აწევთ.

ENKA-ს საქმე: ორ იურისდიქციას შორის შექმნილი სამართლებრივი რეალობა

ENKA-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის მიმდინარე საინტერესო ეტაპზე გადავიდა. ერთი და იგივე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება პარიზში შეჩერებულია, აშშ-ში კი გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და დაშვებულია აღსასრულებლად. აღსრულება კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიერ ENKA-სთვის გადასახდელი თანხა უკვე 443 მლნ დოლარს შეადგენს და პროცენტის დარიცვხვა გრძელდება. თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და მის საფუძველზე თანხის რეალურად ამოღება ორი სრულიად განსხვავებული საკითხია.

როგორც "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მიერ ამ საქმეზე მომზადებული სამართლებრივი მიმოხილვიდან ირკვევა, 2025 წლის 9 დეკემბერს პარიზის სააპელაციო სასამართლომ (Cour d'appel de Paris, Pôle 5 - Chambre 16) ენკას სასარგებლოდ გამოტანილ საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას (Final Award) და მის დამატებას (Addendum) აღსრულებადუნარიანობა მიანიჭა, თუმცა მათი აღსრულების პროცესი შეაჩერა მანამ სანამ სასამართლო საქართველოს მიერ წარდგენილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნებზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საკითხი განსხვავებულად განვითარდა აშშ-ში. 2026 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ (U.S. District Court for the District of Columbia) უარყო საქართველოს მოთხოვნები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უარყოფის შესახებ, ასევე ალტერნატიული მოთხოვნა - აშშ-ში მიმდინარე სამართალწარმოების შეჩერების თაობაზე პარიზში მიმდინარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების პროცესის დასრულებამდე და დააკმაყოფილა ენკას შემხვედრი შუამდგომლობა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. 18 სექტემბერს კი გამოსცა სასამართლო განჩინება და საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აშშ-ში აღიარა და აღსასრულებად ცნო.

ოთარ მაჩაიძის განმარტებით, საქმე ის არის, რომ ნიუ-იორკის კონვენცია ინვესტორს აძლევს უფლებას, ცნობა-აღსრულება მოითხოვოს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-სა და საქართველოშიც.

„ENKA-ს გადაწყვეტილება იყო, წასულიყო ამერიკაში. საქართველოს ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ეს გახლდათ - ინვესტორს შეეძლო საქართველოში მოემართა, თუმცა იქვე იყო “ენკას” არგუმენტიც (რაც მაინცდამაინც ჩვენ სასიკეთოდ არ მეტყველებს): კომპანია ასაბუთებდა, რომ პროექტის მიმართ ქვეყანაში არ არის კარგი დამოკიდებულება და არ ელოდნენ, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში დროულად და ეფექტურად შეძლებდნენ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას”, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება პარიზის სასამართლოს მიერ არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერებას, იურისტი ხსნის, რომ ეს არ არის სტანდარტული პროცედურა და სასამართლომ საგამონაკლისო ღონისძიება გამოიყენა:

“საინტერესო იყო თვითონ სასამართლოს არგუმენტაცია - ძირითადი აქცენტი გაკეთდა თანხის მოცულობაზე. ჩვენი [საქართველოს] მხრიდან წარდგენილი იყო არგუმენტები, რომ ეს თანხა 100-ჯერ აღემატება, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტს და იმდენად დიდი ფისკალური რისკის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ სასამართლომ პროცესი შეაჩერა”.

თუმცა როგორც ცნობილია, ამერიკელმა მოსამართლემ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო. მან ჩათვალა, რომ ვინაიდან "ენკა" უკვე თითქმის 4 წელია დაობს, სასამართლო აღარ უნდა ელოდოს პარიზის საბოლოო ვერდიქტს და მხარეს ცნობა-აღსრულების უფლება უნდა მიეცეს.

გაჭიანურებული პროცესის ფასი: 383 მილიონიდან 443 მილიონ დოლარამდე

იურიდიული კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" პარტნიორის შეფასებით, პარიზში დავის გაჭიანურებასა და პროცესის შეჩერებას, ერთი მხრივ, აქვს დადებითი ეფექტი - სახელმწიფოს დღესვე არ უწევს კოლოსალური თანხის გადახდა, თუმცა მეორე მხრივ, ეს უზარმაზარ ფინანსურ რისკთანაა დაკავშირებული.

„გადაწყვეტილებაში გათვალისწინებულია აღსრულებამდე დასარიცხი პროცენტი. თუ ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ძალაში დარჩა, და ამის დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველთვიურად დამატებით გვიწევს გადახდა. 2024 წელს, გადაწყვეტილება რომ გამოვიდა, თანხა 383 მილიონი დოლარი იყო - დღეს ეს რიცხვი უკვე 443 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი”, - აღნიშნა ოთარ მაჩაიძემ “წერტილთან” ინტერვიუში.

როგორც იურისტი განმარტავს, პროცესის გაჭიანურებას შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიული მიზანი - "დღეს კი არ გადავიხადოთ, არამედ 3 წლის შემდეგ", თუმცა საბოლოო ჯამში, საქართველოს ბიუჯეტსა და გადასახადის გადამხდელებს, შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე ტვირთი დააწვეთ.

რა სჯობს სახელმწიფოსთვის - დავის გაწელვა თუ ინვესტორთან მორიგება?

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ურჩევდა საქართველოს ხელისუფლებას არსებულ ვითარებაში, ოთო მაჩაიძე აღნიშნავს, რომ მხოლოდ დროის გაწელვა არასწორი სტრატეგიაა და საჭიროა ინიციატივის ხელში აღება: „თუ სიტუაცია არის ის, რომ უბრალოდ ვწელავთ, ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. უნდა ავიღოთ ინიციატივა და ვიყოთ ინვესტორთან აქტიურები. მჯერა, რომ შესაძლებელია გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა - იქნება ეს თანხის შემცირება თუ გადანაწილება, როგორც ეს, მაგალითად, „ინტერ რაოს“ შემთხვევაში მოხდა”, - თქვა იურისტმა და იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე:

„პოტენციური ინვესტორი ხედავს: ინვესტორს შეექმნა პრობლემა, რომელიც სახელმწიფოსთან პირდაპირი კომუნიკაციით ვერ მოაგვარა; წავიდა არბიტრაჟში, მოიგო, მაგრამ სახელმწიფო ფულს მაინც არ იხდის და 5 წლის განმავლობაში უწევს ორ იურისდიქციაში ხელახლა დავა. ეს, ცხადია, მაინცდამაინც დადებითად ვერ აისახება ჩვენს საინვესტიციო რეპუტაციაზე.“

ENKA-ს ქეისზე მსჯელობისას ოთარ მაჩაიძე თქვა, რომ ხელშეკრულება თავდაპირველად საკმაოდ პრო-ინვესტორული იყო, თუმცა პროცესში კომუნიკაციამ და მართვამ ვერ იმუშავა:

„ჩვენი იურიდიული ფირმა რომ ვყოფილიყავით ჩართულები, პირველ რიგში, ინიციატივის აღება და აქტიური კომუნიკაცია - როგორც ინვესტორთან, ისე მოსახლეობასთან - იქნებოდა გადამწყვეტი. მთავარი იყო კომუნიკაცია არ გაწყვეტილიყო და მიღებულიყო თუნდაც შედარებით მტკივნეული გადაწყვეტილებები. ფაქტია, შედეგი გვკარნახობს, რომ რაღაც ვერ გაკეთდა”, - აღნიშნა მან.

8 მიმდინარე დავა საქართველოს წინააღმდეგ, სადავო თანხა - $4.8 მილიარდი

დღეის მდგომარეობით, საქართველოს წინააღმდეგ 8 საინვესტიციო დავა მიმდინარეობს, რომელთა საერთო ღირებულება 4.8 მილიარდ დოლარს აღწევს. ამასთან, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი იხარჯება უცხოური იურიდიული ფირმების დაქირავებაზე. მაგალითად, წელს 55 მილიონი იყო ხარჯი, მომავალი წლის ბიუჯეტში კი 50 მილიონია გათვალისწინებული.

„8 საინვესტიციო დავა ცოტა არ არის ჩვენი ქვეყნის ზომისა და ეკონომიკის გათვალისწინებით. საინვესტიციო დავა არასდროს ამბობს კარგს სახელმწიფოზე. როგორც წესი, ინვესტორი არ იწყებს ასეთ მსხვილმასშტაბიან, ძვირად ღირებულ პროცესს, თუ შესაბამისი საფუძვლები არ არსებობს. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ (მაგალითად, ICSID-ის დავებს), უფრო მეტად ინვესტორები იგებენ, ვიდრე - სახელმწიფოები”, - განაცხადა ოთარ მაჩაიძემ.

რაც შეეხება იურიდიულ ხარჯებსა და ადგილობრივ რესურსს, იურისტის თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟებში უცხოური კომპანიების ჩართვას თავისი ლოგიკა აქვს - რეპუტაცია, საერთაშორისო გავლენა და სპეციფიკის ცოდნა, თუმცა მიაჩნია, რომ ქართულ იურიდიულ ბაზარსაც აქვს საკმარისი ინტელექტუალური რესურსი.

„ხშირად საერთაშორისო კომპანიები ქართულ იურიდიულ ფირმებს ქვეკონტრაქტით ქირაობენ, თუმცა შეიძლება მეორე მოდელმაც იმუშაოს: პირიქით, ქართული კომპანია დაიქირაოს სახელმწიფომ და მან ჩართოს საერთაშორისო პარტნიორები. ბაზარზე უკვე არიან ქართული კომპანიები, მათ შორის ჩვენც, რომელთაც საერთაშორისო არბიტრაჟებში მონაწილეობის საკმაოდ კარგი გამოცდილება და ცოდნა აქვთ”, - განაცხადა იურიდიული კომპანია "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” პარტნიორმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„კონტაქტმა“ სითი მოლი გლდანში მერვე ფილიალი გახსნა, კომპანია ქსელის გაფართოებას აგრძელებს

„კონტაქტმა“ სითი მოლი გლდანში მერვე ფილიალი გახსნა, კომპანია ქსელის გაფართოებას აგრძელებს

BM.GE

ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური ფუნქციონირებს - გარემოს სააგენტო

ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 23 სადგური ფუნქციონირებს - გარემოს სააგენტო

BM.GE

"ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა

"ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - პროკურატურამ გიორგი დავითაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა

BM.GE

JBS სკოლამ მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო - რა საგანმანათლებლო მოდელს გთავაზობთ ახალი სივრცე?

JBS სკოლამ მოსწავლეთა პირველი ნაკადი მიიღო - რა საგანმანათლებლო მოდელს გთავაზობთ ახალი სივრცე?

BM.GE