
2025 წელს გლობალური სიმდიდრე 10.7%-ით, $333 ტრილიონამდე გაიზარდა - კვლევა
გეოპოლიტიკური დაძაბულობის, სავაჭრო ომებისა და სატარიფო დაპირისპირებების ფონზე, გლობალური ფინანსური სიმდიდრე 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის, Boston Consulting Group-ის (BCG) 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო კაპიტალის ზრდის ტემპმა ბოლო წლების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
კერძოდ, 2025 წელს გლობალური (ფინანსური) სიმდიდრე 10.7%-ით გაიზარდა და $333 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ეს 2021 წლის შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. თუ ამ მაჩვენებელს რეალურ აქტივებსაც (უძრავი ქონება და სხვა მატერიალური აქტივები) დავუმატებთ, მსოფლიოს წმინდა სიმდიდრემ $550 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ზრდის მთავარი მამოძრავებელი საფონდო ბირჟები გახდა - აქციების პორტფელები გლობალურად 13.2%-ით გაიზარდა. უძრავი ქონებისა და სხვა რეალური აქტივების ზრდამ კი მაღალი ფასებისა და მიწოდების ზრდის ფონზე 7.4% შეადგინა.
პარალელურად, 2025 წლის ნამდვილი ვარსკვლავი ოქრო გახდა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 44%-ით გაიზარდა. ეს როგორც ფიზიკური პირების მხრიდან აქტიური შესყიდვებით, ისე ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაციის მცდელობით იყო გამოწვეული.
გლობალური საზღვრისპირა (cross-border) სიმდიდრე - ანუ ფინანსურ აქტივები (ფულადი დეპოზიტები, აქციები, ობლიგაციები, საინვესტიციო ფონდები და სხვა), რომლებსაც ფიზიკური პირები ფლობენ და თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი (რეზიდენტობის) ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინახავენ - 8.4%-ით გაიზარდა და $15.7 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
კვლევა აჩვენებს, რომ კაპიტალის კონცენტრაცია სულ უფრო მცირე რაოდენობის ქვეყნებში ხდება - TOP 10 ფინანსურ ჰაბზე ახალი საზღვრისპირა ნაკადების თითქმის 90% და უკვე არსებული კაპიტალის 80%-ზე მეტი მოდის.
გარდა ამისა, წელს პირველად, რეიტინგში შვეიცარიას ჰონგ-კონგმა გადაასწრო.
მსოფლიოს წამყვანი ტრანსსასაზღვრო ფინანსური ჰაბების რეიტინგი BCG-ის მიხედვით:
• ჰონგ-კონგი - $2.9 ტრილიონი • შვეიცარია - $2.9 ტრილიონი • სინგაპური - $2.1 ტრილიონი • აშშ - $1.6 ტრილიონი • დიდი ბრიტანეთი - $1.0 ტრილიონი
რაც შეეხება რეგიონებს, კაპიტალის ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არათანაბრად გადანაწილდა:
აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონი: კვლავ გლობალური ზრდის მთავარ ძრავად რჩება. ამას ხელს ხელოვნური ინტელექტის (AI) მიწოდების ჯაჭვში რეგიონის წამყვანი როლი უწყობს. რეგიონის ლიდერია ჩინეთი, სადაც ფინანსური სიმდიდრე 15%-ით გაიზარდა.
დასავლეთ ევროპა: რეგიონში სიმდიდრე 15.3%-ით გაიზარდა. ამას ხელი ვალუტის ხელსაყრელმა კურსმა და შინამეურნეობების დაზოგვის მაღალმა მაჩვენებელმა შეუწყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროპული აქციების ბაზრის დინამიკა ზომიერი იყო.
ჩრდილოეთ ამერიკა: ზრდის ტემპი 7.4%-მდე შენელდა. აქციების ბაზრის ზრდა ძირითადად რამდენიმე გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიის აქციებზე იყო დამოკიდებული, რაც ბაზრის კორექციის რისკებს ზრდის.
ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა: ნომინალური სიმდიდრე 12.3%-ით გაიზარდა, რასაც ხელი ყურის ქვეყნების ეკონომიკურმა დივერსიფიკაციამ და ინვესტიციების აქტიურმა ზრდამ შეუწყო.
BCG-ის 2026 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ გლობალური სიმდიდრის შექმნისა და მისი განთავსების პროცესები სულ უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს. კაპიტალი მიედინება იქ, სადაც ღრმა ფინანსური ბაზრები, პოლიტიკური სტაბილურობა და რეალური საერთაშორისო წვდომაა. ჰონგ-კონგის მიერ შვეიცარიისთვის პირველი ადგილის ჩამორთმევა კი გლობალური ეკონომიკური გრავიტაციის ცენტრის აღმოსავლეთისკენ გადანაცვლების კიდევ ერთი დასტურია.
BM.GE
წყარო: bm.ge