
2025 წელს საფინანსო მომსახურებით დაკავებულმა კომპანიებმა ₾13.8 მილიარდის შემოსავალი მიიღეს - საქსტატი
2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულმა საწარმოებმა 13.8 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღეს. საქსტატის გამოკვლევის შედეგების თანახმად, შემოსავლის უდიდეს ნაწილს (80.3%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.1% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.
აღნიშნული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 3.1 მლრდ ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.9 მლრდ ლარი შეადგინა.
საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.6% ქალი იყო.
2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 1.3 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 42% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.3% – ქონების დაზღვევაზე, 9.6% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.4% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (29.3%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 763.9 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 56.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3% – ქონების დაზღვევაზე, 5.4% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (26.7%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.
BM.GE
წყარო: bm.ge