
2025 წელს "სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ₾231 მლნ ლარის საინვესტიციო გეგმის 9% შეასრულა|მიზეზები
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ დაგეგმილი ინვესტიციების ხარჯი 231 მლნ 211 ათასი ლარი იყო, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებელი - 9%.
ამის შესახებ სემეკის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი, სადაც 150-გვერდიან დოკუმენტში ერთი თავი ელექტროენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროექტების შესრულებაა გაანალიზებული.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ დაგეგმილი ინვესტიცია, ჯამში, 652 მლნ 908 ათასი ლარი იყო, ხოლო ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ 547 მლნ 199 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც ირკვევა, გეგმასთან შედარებით, ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სახელმწიფო კომპანიას აქვს.
“გადამცემი სისტემის ოპერატორის - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2025 წელს შესრულებული საინვესტიციო დანახარჯების მოცულობა მთლიანობაში შეადგენს 46,834 ათას ლარს, საიდანაც საკუთარი სახსრებით განხორციელებულია 39,972 ათასი ლარის ინვესტიცია, ხოლო გადამცემ ქსელთან მიერთების ფარგლებში მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილ და მოდერნიზებულ ძირითად საწარმოო საშუალებებზე - 6,862 ათასი ლარის.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დაგეგმილი ინვესტიციების ხარჯი 2025 წელს იყო 231,211 ათასი ლარი, რაც ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ინვესტიციების (652,908 ათასი ლარი) 35%-ს შეადგენს მაშინ, როცა ფაქტობრივი მაჩვენებელია 9%”, - წერია ანგარიშში.
სემეკის ინფორმაციით, "საინვესტიციო პროექტების ვადებში განუხორციელებლობის მთავარი მიზეზია ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურების მშენებლობის პერიოდში/პროცესში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან პროექტის ღირებულების ცვლილების მოთხოვნა და დამკვეთსა და განმახორციელებელ მხარეებს შორის შეუთანხმებლობა".
ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სემეკის წევრმა გივი სანიკიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან დაგეგმილი საინვესტიციო ხარჯის მხოლოდ 9%-ით შესრულება პროექტებზე უარს არ ნიშნავს.
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ინვესტიციები და პროექტები არ განხორციელდება. ჩამორჩენა გეგმასთან შედარებით მხოლოდ შარშან დაფიქსირდა. პროექტები, უბრალოდ, დროში გადავადდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
- დიახ, შარშან იყო გეგმასთან შედარებით ჩამორჩენა…
- სანამ პროექტები განხორციელების სტადიამდე მივიდოდა, მათი ხელახალი შეფასება მოხდა, რათა დაედგინათ, შესაძლებელი იყო თუ არა მათი კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება. „სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ოფიციალურად არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებთან მიმართებით გარკვეული პარამეტრები დაზუსტდა, რამაც საბოლოოდ ამ პროექტების გაიაფება გამოიწვია. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია…
- ანუ ეს შეიძლება, უკავშირდებოდეს კორუფციასთან ბრძოლასაც, რასაც ბოლო დროს ვხედავთ სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით?
- ეს უშუალოდ „სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და იმ კონტრაქტორ კომპანიებს შორის ურთიერთობას უკავშირდება, რომლებმაც აღნიშნული პროექტების მშენებლობა უნდა უზრუნველყონ. ამ შემთხვევაში მოხდა ხელშეკრულებებისა და ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება, რამაც გარკვეული ეკონომია მოგვცა. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება სამომავლო ტარიფზე. გადავადების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო.
ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია. BMG-მ შესთავაზა სახელმწიფო კომპანიას, სურვილის შემთხვევაში, პროექტების მიხედვით დააკონკრეტოს მიზეზები, რამაც დაგეგმილი საინვესტიციო ხარჯის მხოლოდ 9%-ით შესრულება განაპირობა. პასუხებს მიღებისთანავე გაგაცნობთ.
BM.GE
წყარო: bm.ge