
2025 წელს საქართველოში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა - გაზრდილია სიმსივნით სიკვდილიანობის შემთხვევები
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის გარდაცვლილთა რიცხოვნობისა და გარდაცვალების მიზეზების შესახებ ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოში სულ 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა წელთან (43 971 შემთხვევა) შედარებით 0.8%-ით (348 ადამიანით) მეტია.
საქსტატის ცნობით, ქვეყანაში შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ლეტალობა, რის ფონზეც საგრძნობი მატება ფიქსირდება სიმსივნურ დაავადებებში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები კვლავ რჩება ქვეყანაში სიკვდილიანობის ნომერ პირველ მიზეზად, თუმცა წინა წელთან შედარებით ამ კლასით გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
2025 წელს ამ მიზეზით 16 711 ადამიანი გარდაიცვალა (საერთო გარდაცვლილთა 37.7%), მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 18 159-ს შეადგენდა. შესაბამისად, აღნიშნული დაავადებების ჯგუფში სიკვდილიანობა 8%-ით შემცირდა.
ამ კლასში შემავალი დაავადებების მიხედვით ტენდენცია შემდეგნაირია:
ცერებროვასკულური დაავადებები: 2025 წელს დაფიქსირდა 7 411 შემთხვევა, რაც 12.1%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
გულის იშემიური დაავადება: ლეტალური შემთხვევები 4 752-დან (2024 წ.) 4 357-მდე (2025 წ.) შემცირდა. მათ შორის, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მაჩვენებელი 2 195-დან 1 937-მდე ჩამოვიდა.
ონკოლოგიური დაავადებების მატება
საგულისხმო ტენდენცია ფიქსირდება სიმსივნეებით გამოწვეული სიკვდილიანობის კუთხით. 2025 წელს ამ მიზეზით გარდაცვლილთა რიცხოვნობამ 6 877 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს (5 720 შემთხვევა) 20.2%-ით აღემატება.
სიმსივნის ტიპების მიხედვით, ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება შემდეგ ლოკალიზაციებზე:
ფილტვის, ბრონქისა და ტრაქეის ავთვისებიანი სიმსივნე: სიკვდილიანობის შემთხვევები 777-დან 1 057-მდე გაიზარდა (+36%);
სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე: შემთხვევათა რაოდენობა 514-დან 655-მდე გაიზარდა (+27.4%);
კოლინჯის და სწორი ნაწლავის (კოლორექტული) სიმსივნეები: 2024 წელს დაფიქსირებული 357 შემთხვევიდან მაჩვენებელი 2025 წელს 613-მდე გაიზარდა (+71.7%);
წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) სიმსივნე: შემთხვევებმა 283-დან 423-მდე მოიმატა (+49.4%);
დიაბეტი, ინფექციები და საგარეო მიზეზები
სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები სხვა მნიშვნელოვან კლასებშიც ფიქსირდება:
შაქრიანი დიაბეტი: ამ დიაგნოზით გარდაცვლილთა რიცხვი 876-დან (2024 წ.) 983-მდე (2025 წ.) გაიზარდა.
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ფიქსირდება მატება 514-დან 719 შემთხვევამდე.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: შემთხვევები 1 307-დან 1 521-მდე გაიზარდა.
ტრავმები, მოწამვლები და საგარეო მიზეზები: უბედური შემთხვევებისა და სხვა საგარეო ფაქტორების გამო 2025 წელს 1 973 ადამიანი გარდაიცვალა (2024 წელს - 1 826).
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები: სიკვდილიანობა მცირედით შემცირდა - 3 641-დან 3 533-მდე. მათ შორის, პნევმონიით გარდაცვლილთა რიცხვი 2 621-დან 2 430-მდე ჩამოვიდა.
დემოგრაფიული სურათი ასაკობრივ ჭრილში
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მონაცემთა განაწილება ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების ზოგად დემოგრაფიულ ტენდენციას ასახავს.
გარდაცვლილთა ყველაზე დიდი ნაწილი ხანდაზმულ ასაკზე მოდის. კერძოდ, 85 წლისა და უფროსი ასაკის ჯგუფში სიკვდილიანობა 11 260 შემთხვევისგან (2024 წ.) 11 854 შემთხვევამდე (2025 წ.) გაიზარდა, რაც საერთო სიკვდილიანობის 26.7%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებლები თითქმის უცვლელია: 2024 წელს დაფიქსირდა 340, ხოლო 2025 წელს - 343 შემთხვევა. ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად კვლავ პერინატალურ პერიოდში განვითარებული მდგომარეობები და თანდაყოლილი ანომალიები რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge