
2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა. კერძოდ, 2025 წელს ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.3% შეადგინა. მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 20.4%-ია. გასულ წელთან შედარებით ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო ყოველთვიური შესწორებული სახელფასო სხვაობა - 1.1 პროცენტული პუნქტით.
შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობა აჩვენებს, რამდენად განსხვავდება ქალებისა და კაცების ანაზღაურება დემოგრაფიული და სამუშაო მახასიათებლების გათვალისწინების შემდეგ. მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი, ეკონომიკური საქმიანობის სფერო, დაკავებული პოზიცია და ა.შ.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს მრეწველობის სფეროში ქალისა და კაცის შესწორებულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 20.1% შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 10.9%.
დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ქალისა და კაცის შესწორებული საათობრივი სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორებისა და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 30.2% შეადგინა, მეორე ადგილზეა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების პოზიცია (23.5%).
BM.GE
წყარო: bm.ge