
2027 წელს, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდაა მოსალოდნელი|თიბისი კაპიტალი
“თიბისი ჯგუფის” უფროსი ეკონომისტის ნიკოლოზ ზურაბიშვილის აზრით, არსებული ეკონომიკური ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, 2027 წელს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის 1 ბიჯით (Notch) გაუმჯობესებაა მოსალოდნელი, რის შემდეგაც საინვესტიციო კატეგორიამდე ქვეყანას მხოლოდ 1 ნაბიჯი დააშორებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის - უცვლელად (BB) დატოვების, მაგრამ პერსპექტივის “სტაბილურიდან” “პოზიტიურამდე” გაზრდის შეფასებისას განაცხადა.
ნიკოლოზ ზურაბიშვილი თქმით, სარეიტინგო სააგენტოების სტატისტიკური მოდელებით საქართველოს უკვე დღესვე ეკუთვნის არსებულზე მაღალი რეიტინგი, თუმცა გეოპოლიტიკური და საგარეო მოწყვლადობის გამო სააგენტოების კომიტეტები მას ხელოვნურად ამცირებენ.
“Fitch-ის სტატისტიკური მოდელით და სხვა სარეიტინგო სააგენტოების შემთხვევაშიც ასეა, საქართველოს უკვე ეკუთვნის ერთი საფეხურით [Notch] მაღალი რეიტინგი, მაგრამ ხელით ამცირებენ კომიტეტში ამ რეიტინგს, საგარეო მოწყვლადობის არგუმენტიდან გამომდინარე, ხოლო რადგან ბოლო პერიოდში ეკონომიკური გაუმჯობესება სწორედ საგარეო მოწყვლადობის ხარისხის შემცირებას უკავშირდება, მოსალოდნელია, რომ ეს “ხელით შემცირება” მოიხსნება და, შესაბამისად, საკრედიტო რეიტინგიც გაუმჯობესდება“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ თუ მაკროეკონომიკური პარამეტრები და არსებული დინამიკა უცვლელი დარჩება, რეიტინგის მატება უახლოეს მომავალში რეალისტურია:
„პირდაპირ გეტყვით, რომ თუ არსებული ტენდენციები შენარჩუნდება, ჩვენი მოლოდინია, რომ 2027 წელსვე გაიზრდება საკრედიტო რეიტინგი ერთი “ნოჩით” და დაგვრჩება ერთი “ნოჩი” საინვესტიციო რეიტინგამდე... თუ ეკონომიკური ზრდის, რეზერვების დაგროვების ან ფისკალურ ნაწილში მნიშვნელოვანი არაფერი გაუარესდა, სავსებით რეალისტურია, რომ მომდევნო წელსვე, რეიტინგი ერთი საფეხურით გაგვიზარდონ”, - თქვა ნიკოლოზ ზურაბიშვილმა.
სუვერენული რეიტინგის პრაქტიკულ სარგებელზე საუბრისას, “თიბისი ჯგუფის” უფროსმა ეკონომისტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდამტეხი მაინც უშუალოდ საინვესტიციო კატეგორიის (Investment Grade) მიღწევა იქნება, რადგან ბევრი მსხვილი საერთაშორისო ფონდი მხოლოდ ამ ზღვარს მიღმა არსებულ ქვეყნებში ინვესტირებით ინტერესდება.
“საინვესტიციო რეიტინგს რომ მივაღწევთ, ეს იქნება უკვე მნიშვნელოვანი ცვლილება ინვესტორებისთვის, რადგან არსებობენ ფონდები, რომლებიც პირდაპირ აღარ უყურებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც საინვესტიციო რეიტინგის ქვემოთ არიან - მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ ქვეყნებს კარგი მაკროეკონომიკური გარემო. არსებობს ლიმიტები ბევრი ინვესტორისთვის და, შესაბამისად, ამ ზღვარს რომ გადავლახავთ, ეს უკვე თვისობრივად ახალი ეტაპი იქნება”, - განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვას - რამდენად ახდენს გავლენას სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილებაზე ისეთი ინსტიტუციური ფაქტორები, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადამიანის უფლებები, თიბისი ჯგუფუს მთავარმა ეკონომისტმა უპასუხა, რომ სარეიტინგო სააგენტოები Fitch და S&P ძირითადად სუვერენულ გადახდისუნარიანობასა და კონკრეტულ ფინანსურ-მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს აფასებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge