
2027 წლიდან ზღვარის გაორმაგებით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა ₾5 მილიარდით გაიზრდება – ლევან თოდუა
2027 წლის 1 იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტების ზედა ზღვარი ორმაგდება. კერძოდ, სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ზღვარი 100 000 ლარი იქნება, რაც დღევანდელი მდგომარეობით, 50 000 ლარს შეადგენს.
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს დეპოზიტების ზრდის დინამიკა, საბანკო სექტორის მაღალი შემოსავლები და ფონდის სიმყარის უზრუნველყოფის სურვილი. ლევან თოდუას თქმით, მათი მიზანია ფონდში მეტი რესურსის აკუმულირება, რათა საჭიროების შემთხვევაში მან სრულად შეძლოს ვალდებულებების გასტუმრება.
ამ ეტაპზე დეპოზიტების დაზღვევის ფონდის პორტფელი 450 მილიონ ლარს აჭარბებს.
„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ ეტაპობრივად მოხდებოდა ზღვრის გაზრდა. შეიძლება ჩანდეს, რომ ეს ნაჩქარევი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. თუ დავაკვირდებით დეპოზიტების დინამიკას, თვითონ დეპოზიტების სტრუქტურას, ასევე საბანკო გარემოს, თვითონ ბანკების შემოსავალსაც თუ შევხედავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მალე გაგვეზარდა 100 000 ლარამდე, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი იყოს მაღალი.
ჩვენი მიზანია, რომ ასევე ფონდი იყოს ძლიერი, რომ შეძლოს თავისი ვალდებულებების გასტუმრება. ამიტომ, იმ გარემოდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს საბანკო სისტემაში, ჩავთვალეთ, რომ ჯობდა ადრე გადაგვედგა ეს ნაბიჯი და ზღვარი დღეს გაგვეზარდა, იმიტომ რომ ზღვრის გაზრდა ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევდა. შესაბამისად, ახლა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგანაც უფრო მეტი თანხები დაგროვდეს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, რომ თუ სამომავლოდ ფონდს დასჭირდა რაღაც გარკვეული ვალდებულებების გასტუმრება, ფონდი იყოს მყარი და მან შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება და თავისი ვალდებულებების გასწორება. აი, ეს იყო ერთ-ერთი, ტრიგერი ჩვენი მოქმედების.
დღეს არის 16 მილიარდი ლარი დაზღვეული. ვფიქრობთ, რომ დაზღვეული დეპოზიტები სადღაც 5 მილიარდით გაგვეზრდება. საკმაოდ მოცულობითი ზრდაა. გადავცდებით 20%-ს და სადღაც 21-22% იქნება დაზღვეული ამ 100 000-იანი ზღვრის აწევის შემდეგ”,-აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ლევან თოდუა.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თავდაპირველად დეპოზიტის მფლობელისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 5 ათასი ლარი განისაზღვრა; 2020 წლის ივლისიდან ეს ზღვარი 15 ათასამდე გაიზარდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ათასი ლარი გახდა, ხოლო 2026 წლის აპრილიდან 50 000 ლარი.
2027 წლის 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარს გაორმაგების შემდეგ საბანკო სექტორის ყოველთვიური შენატანი ფონდში 10 მილიონ ლარამდე გაიზრდება. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბანკების მაღალი მოგებიანობის გათვალისწინებით, აღნიშნული საბანკო სექტორს დიდ ტვირთად არ დააწვება.
BM.GE
წყარო: bm.ge