
„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?
„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ - Carmark-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, ახალმა კანონმდებლობამ, რეგულაციებმა და გლობალურმა კრიზისმა ავტომობილების გაყიდვების სერიოზული ვარდნა გამოიწვია.
როგორც კუხიანიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა, განბაჟების რეგულაციების ცვლილებამ მისი ოფისი ფაქტობრივად გააჩერა. მისი განმარტებითმ, საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებზე განბაჟების მკვეთრ გაძვირებასთან ერთად, ვითარებას აშშ-ში მეორადი ავტომობილების დეფიციტიც ამძიმებს, რაც თავის მხრივ, 2020-22 წლებში ახალი ავტომობილების რეალიზაციის მკვეთრი კლების მეორად ბაზარზე ასახვაა.
„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია. პირველი აპრილის შემდეგ, რა ახალი რეგულაცია ამოქმედდა, ოფიციალური სტატისტიკა ავტოიმპორტის 25%-იან კლებას აჩვენებს, მაგრამ ჩემი კომპანიის შედეგებით დილერების მიმართულებით 90%-იანი საცალო კუთცით კი 65%-იანი ვარდნა გვაქვს. შეიძლება ითქვას გაჩერებულია ოფისი. აქ ორმა ფაქტორმა იქონია გავლენა. პირველ რიგში ეს იყო ახალი რეგულაცია (განბაჟების გაძვირება) და მეორე — ამერიკაში არის მეორად ავტომობილების ბაზარზე კრიზისი. ეს კრიზისი გამოიწვია 2020-2022 წლებში ახალი ავტომობილების წარმოების შემცირებამ, რაც მაშინ ჩიპების პრობლემით იყო გამოწვეული. შესაბამისად, მილიონი ავტომობილით ნაკლები გაიყიდა და სწორედ ის მილიონი ავტომობილი აკლია დღეს ბაზარს, რომელიც გაყიდვაში მაშინ ვერ გამოვიდა. შედეგად, არის მოთხოვნა, თუმცა არ არის ავტომობილების მიწოდება აუქციონებზე. შედეგად, ყველაფერმა ერთად მიგვიყვანა იქამდე, რომ გაყიდვები არ გვაქვს“, - ამბობს ბიზნესმენი.
ირაკლი კუხიანიძის თქმით, კრიზისის ფონზე ავტოიმპორტიორები რეგულაციების შემსუბუქებას და ასაკობრივი ზღვრის 6-დან 10 წლამდე გაზრდას ითხოვენ.
„ჩვენ, ბიზნესი და ასოციაცია ვითხოვთ, რომ იქნებ გადახედონ ამ კანონს და რაღაც შეღავათები შემოიღონ - გაზარდონ ასაკობრივი ზღვარი. რეალურად, ავტომობილი 6 წლის იქნება თუ 10 წლის დიდი სხვაობა აღარ არის. ევროსტანდარტი ორივე ასაკს ფარავს და ეს უკვე დაეხმარება მოსახლეობას, რომ უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს ავტომობილი. 6 წლის ავტომობილი ძალიან ძვირია და არ აქვს მოსახლეობას მისი ყიდვის საშუალება“, - აცხადებს კუხიანიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge