
40 000 კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი იქნება - IMO საქართველოსგან მიწოდების ზრდას ელოდება
მსოფლიო მასშტაბით მომდევნო წლებში 40 000 კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი იქნება, ხოლო საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ბაზრისთვის მეზღვაურების მიწოდების ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან მსოფლიო ბაზრისთვის მეზღვაურების მიწოდება შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს.
„შემდეგ რამდენი წლის განმავლობაში 40 000 კვალიფიცირებული მეზღვაურის დეფიციტი გვექნება და მიმართულება საქართველოს თვალსაზრისით გაიზრდება 20 000 მეზღვაურის მიწოდებით მსოფლიო მასშტაბით“, - განაცხადა არსენიო დომინგესმა.
IMO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, საზღვაო სექტორის მომავალი ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ადამიანურ რესურსზეც იქნება დამოკიდებული. მისი თქმით: „ავტონომიური ნავიგაცია არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვჭირდება მომავალში მეზღვაურები“.
დომინგესის განცხადებით, IMO ასევე მუშაობს საზღვაო ციფრული სტრატეგიის განვითარებაზე, რომელიც მხოლოდ გემებს არ შეეხება და პორტების, ქვეყნებისა და სხვა ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირებასაც მოიცავს.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გამოსვლისას IMO-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დეკარბონიზაცია რჩება. ორგანიზაციის მიზანია, 2050 წლისთვის საზღვაო სექტორის დეკარბონიზაცია უზრუნველყოს.
„ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენ მიზნებს ვაღწევთ 2023 წლის IMO-ს სტრატეგიისა, რომ 2050 წლისთვის მოხდეს სექტორის დეკარბონიზაცია“, - განაცხადა მან.
არსენიო დომინგესის შეფასებით, მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი იქნება არსებული პოლიტიკისა და რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელება, ასევე ციფრულ ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსს შორის სწორი ბალანსის მიღწევა.
„რაც უფრო გაციფრულებას ვახორციელებთ და სწორი ტექნოლოგიები შემოგვაქვს, უფრო უსაფრთხო იქნება ხომალდები, უფრო მეტად მხარს დაუჭერს მეზღვაურებს, უფრო სუფთა იქნება ხომალდები და სექტორი უფრო მეტად მდგრადი გახდება“, - აღნიშნა IMO-ს გენერალურმა მდივანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge