მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 45 000 ხის სათამაშო და ტკბილეული - ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების შესყიდვაზე ₾863 ათასზე მეტი დაიხარჯება
45 000 ხის სათამაშო და ტკბილეული - ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების შესყიდვაზე ₾863 ათასზე მეტი დაიხარჯება

45 000 ხის სათამაშო და ტკბილეული - ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების შესყიდვაზე ₾863 ათასზე მეტი დაიხარჯება

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების 45 000 აღსაზრდელისთვის საახალწლო საჩუქრებს შეისყიდის. შესყიდვა ორ ნაწილად იყოფა: ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებებისთვის 649 350 ლარია გათვალისწინებული, ხოლო საახალწლო თემატიკის ხის სათამაშოებისთვის 213 750 ლარი. ჯამურად შესყიდვების ღირებულება 863 100 ლარს შეადგენს.

ტკბილეულის ნაკრებების შესყიდვისთვის სააგენტომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიამ“ წარადგინა. ხის სათამაშოების შესყიდვაზე კი სააგენტომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული შპს „კოკიტო“ გახდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები თბილისის 191 საბავშვო ბაგა-ბაღის თითოეული აღსაზრდელისთვის არის განკუთვნილი. ჯამში სააგენტო 45 000 ნაკრებს შეიძენს, რომლებიც ბავშვებს საახალწლო ზეიმის დროს გადაეცემათ.

ტკბილეულის ნაკრებების მიწოდება 2026 წლის 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს, ხოლო ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებები 14-25 დეკემბრის პერიოდშია დაგეგმილი.

სააგენტოს განმარტებით, ტკბილეულის ნაკრებების შესყიდვაზე 18 აგვისტოს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 6 ოქტომბერს უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის შემდეგ, შიდა ბაზარზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დაზუსტდა შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და 7 ოქტომბერს ბაზრის კვლევა გამოცხადდა.

კვლევის ფარგლებში წინადადება მხოლოდ „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიამ“ წარადგინა. კომპანიის შეთავაზება 649 350 ლარს შეადგენდა. სააგენტომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ნიმუშები 15 ოქტომბერს შეაფასა და დაადასტურა, რომ ისინი განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება საახალწლო სათამაშოებს, სააგენტომ მათი შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი 20 აგვისტოს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 213 750 ლარი იყო, ხოლო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია შპს „კოკიტოსთან“.

სატენდერო პირობების მიხედვით, სააგენტო 45 000 ცალ საახალწლო თემატიკის სათამაშოს შეიძენს. ისინი ბუნებრივი, სათანადოდ გამომშრალი წიფლის ხისგან უნდა იყოს დამზადებული და ექვსი სახეობის ფიგურას მოიცავდეს: თოვლის ბაბუას, საშობაო ირემს, პინგვინს, თოვლის კაცს, ნაძვის ხესა და ჯანჯაფილის კაცუნას.

სააგენტოს მოთხოვნით, სათამაშოები ბავშვებისთვის უსაფრთხო უნდა იყოს და საქართველოს მთავრობის შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტსა და სათამაშოების უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს EN 71-ს აკმაყოფილებდეს. გამოყენებული საღებავი წყლის ბაზაზე უნდა იყოს დამზადებული და EN 71-3-ის შესაბამისობის სერტიფიკატი ან ლაბორატორიული ტესტ-რეპორტი უნდა ჰქონდეს.

შესყიდვის პირობების თანახმად, სათამაშოების მიწოდება 2 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. ისინი უნდა მიიტანონ ტკბილეულის სასაჩუქრე ნაკრებების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სასაწყობე ბაზაზე, რომლის მისამართიც მიმწოდებელს დამატებით ეცნობება.

ორივე შესყიდვა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების მომზადებას ემსახურება. ჯამში 45 000 ბავშვისთვის ტკბილეულისა და ხის სათამაშოების შესაძენად 863 100 ლარია გათვალისწინებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?

რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?

BM.GE

ინდური Jio Platforms-ის აქციების პირველად განთავსებაზე მოთხოვნამ $26.3 მილიარდს გადააჭარბა

ინდური Jio Platforms-ის აქციების პირველად განთავსებაზე მოთხოვნამ $26.3 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

Ray-Ban-ის მილიარდერმა მემკვიდრემ მენეჯმენტი გააკრიტიკა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა

Ray-Ban-ის მილიარდერმა მემკვიდრემ მენეჯმენტი გააკრიტიკა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა

BM.GE

აზერბაიჯანში სურსათის იმპორტი 10%-ით, $2.07 მილიარდამდე გაიზარდა

აზერბაიჯანში სურსათის იმპორტი 10%-ით, $2.07 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE