
50-წლიანი პარტნიორობის შემდეგ, ზაარბრიუკენი თბილისთან ოფიციალურ კავშირებს წყვეტს
ზაარბრიუკენი თბილისთან პარტნიორულ ურთიერთობებს წყვეტს - გადაწყვეტილება 51-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მიიღეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ზაარლანდის დედაქალაქის საქალაქო საბჭო თბილისის მუნიციპალიტეტთან ოფიციალური ურთიერთობების გაყინვას გეგმავს.
გავრცელებული ცნობებით, გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიული პროცესების მიმართ არსებული შეშფოთება სახელდება.
ორ ქალაქს შორის პარტნიორობა 1975 წელს გაფორმდა და ის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ საერთაშორისო მუნიციპალურ თანამშრომლობად მიიჩნეოდა.
გერმანული მხარის განცხადებით, არსებული გარემოებების ფონზე, ქალაქი იძულებულია ოფიციალური თანამშრომლობა დროებით შეაჩეროს.
საფრანგეთის ქალაქმა ნანტმა, რომელიც 1979 წლიდან იყო დაძმობილებული საქართველოს დედაქალაქ თბილისთან, 2025 წლის ივნისში თბილისთან დაძმობილება შეწყვიტა.
მიზეზებს შორის კი ჩამოთვლილი იყო პოლიტიკური ვითარება, ხელისუფლების მიერ ოპონენტების დევნა, დემონსტრანტებზე ძალადობა და თბილისის მერიიდან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე თანამშრომლების გათავისუფლება.
ამ ეტაპზე თბილისთან დამეგობრებული ქალაქების ჩამონათვალი ასეთია
• ლიუბლიანა — 1977 წელი • ინსბრუკი — 1982 წელი • პალერმო — 1987 წელი • ატლანტა — 1987 წელი • ბრისტოლი — 1988 წელი • ბილბაო — 1989 წელი • ერევანი — 1996 წელი • კიევი — 1999 წელი • ასტანა — 2005 წელი • ვილნიუსი — 2009 წელი • კიშინიოვი — 2011 წელი • კაირო — 2012 წელი • დოჰა — 2012 წელი • თეირანი — 2015 წელი • მინსკი — 2015 წელი (პარტნიორი 1994 წლიდან) • სტამბოლი — 2016 წელი (პარტნიორი 2006 წლიდან) • სოფია — 2016 წელი • ბაქო — 2021 წელი (პარტნიორი 1993 წლიდან) • ბუქარესტი — 2022 წელი